ხანძარი ბორანზე ბერძნულ კუნძულთან ახლოს – არიან დაღუპულები და დაკარგულები (ვიდეო)
12 ადამიანი დაკარგულად ითვლება ბორან „ეუროფერი ოლიმპიაზე“ (Euroferry Olympia) გაჩენილი ხანძრის გამო. „ოლიმპია“ საბერძნეთიდან იტალიაში მიდიოდა. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა CNN.GR წერს.
თავდაპირველად განაცხადეს, რომ ყველა ადამიანის ევაკუირება და გადარჩენა შეძლეს, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ 12 ადამიანი დაკარგულია. წინასწარი ინფორმაციით მათ შორის 2 – საბერძნეთის მოქალაქეა. 2 მგზავრი კი ბორანზე იყო ჩარჩენილი და მათ ევაკუაციას ცდილობდნენ. CNN.GR-ს ინფორმაციით, ΕΜΑΚ-ის (Ειδική Μονάδα Αντιμετώπισης Καταστροφών – სპეცდანაყოფი სტიქიურ უბედურებებთან საბრძოლველად) თანამშრომლებმა, რომლებიც ბორტზე ავიდნენ, 2 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ნაოსნობის სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის ბორნის ბულგარელი შტურმანი, მეორე კი – ახალგაზრდა კაცი, რომლის სახელი და გვარი მგზავრების სიაში არ ფიგურირებს.
საბერძნეთის ნაოსნობის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბორანზე 290 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი (239 მგზავრი და ეკიპაჟის 51 წევრი) იმყოფებოდა, მათგან 21 – ბერძენი (14 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი); ბორანზე მგზავრების უმეტესობა იტალიელი იყო. აგრეთვე, მას გადაჰქონდა 53 კერძო ავტომობილი და 153 სატვირთო ავტომანქანა.
სამაშველო ოპერაციის შედეგად 280 მგზავრი გადაარჩინეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხომალდის ტრიუმში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე მიგრანტებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ეს კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ.
ამ დრომდე უცნობია დაკარგული 12 ადამიანის ბედი, მათ შორის არის საბერძნეთის 3 მოქალაქე და ერთი თურქი სატვირთოს მძღოლი.
„ევრონიუსის“ ცნობით, ბორანი „Euroferry Olimpia“ იტალიურ კომპანია „გრიმალდის“ ეკუთვნის. ის 1995 წლიდან ასრულებს რეისებს.
🇬🇷 Update: Eleven passengers are missing and two are still trapped on board after a blaze on a ferry near the Greek island of Corfu.
The fire on the Euroferry Olympia, owned by the Italian company Grimaldi, broke out at 4:12 local time on Friday.
Read more below 👇
— euronews (@euronews) February 18, 2022
იტალიური დროშის ქვეშ მცურავი ბორანი „ეუროფერი ოლიმპია“ ბრინდიზის პორტში მიდიოდა. პარასკევს მას იონიის ზღვაში, კუნძულ კერკირასთან (კორფუ), 4:12 სთ-ზე ცეცხლი გაუჩნდა, რომლის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები