დოჰას მასტერსი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალშია
დოჰაში მიმდინარე ATP სერიის 250-ქულიან ტურნირზე ჩოგბურთში ხუთშაბათს, 17 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში რეიტინგის 36-ე ნომერი, 30 წლის უნგრელი მარტან ფუჩოვიჩი სამ სეტში 1:6 6:2 7:5 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მოქმედი ჩემპიონია, მან Qatar ExxonMobil Open-ზე შარშან გაიმარჯვა და ახლა ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას ცდილობს.
დოჰას მასტერსის ნახევარფინალში ბასილაშვილი ფრანგ არტურ რინდერკნეხს (61-ე ჩოგანი) შეხვდება, რომელმაც წინა მატჩში პირველ ნომრად განთესილი კანადელი დენის შაპოვალოვი დაამარცხა. შეხვედრა დღეს, 18 თებერვალს გაიმართება, 19:00 სთ-ზე.
ბასილაშვილი შეჯიბრებაზე მე-3 ნომრადაა განთესილი. წინა დღეს, ტურნირის პირველ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა შვედი ელიას იმერი ორ სეტში დაამარცხა ანგარიშით 6:4, 7:5, რითაც რევანში აიღო – ბასილაშვილი იმერს 2018 წელს შეხვდა ჰალეს (გერმანია) ტურნირზე და დამარცხდა ანგარიშით 4:6, 3:6.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები