აშშ-ში ათასობით ნათლობა ძალადაკარგულად გამოცხადდა, რადგან მღვდელი 26 წლის განმავლობაში რიტუალს შეცდომით ატარებდა
აშშ-ში ათასობით კათოლიკე შესაძლოა თავიდან გახდეს მოსანათლი, რადგან გაირკვა, რომ არიზონაში მღვდელი ამ რიტუალის შესრულებისას 26 წლის განმავლობაში შეცდომას უშვებდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მღვდელი ანდრეს არანგო მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ნათლობის დროს ამბობდა: „ჩვენ გნათლავთ მამის, შვილისა და წმინდა სულის სახელით“, როდესაც სწორი ფორმაა „მე გნათლავ მამის, შვილისა და წმინდა სულის სახელით“. ამის გამო არანგოს მიერ ჩატარებული ყველა ნათლობა ძალადაკარგულად ცნეს. არიზონის შტატის ფინიქსის ეპისკოპოსმა ტომას ოლმსტედმა განმარტა, რომ „მე“-ს ნაცვლად „ჩვენ“-ის გამოყენება არასწორია, რადგან ადამიანს ქრისტე ნათლავს და არა ეკლესია.
როგორც სააგენტო AFP წერს, ეპარქიის პრესმდივნის, კეტი ბერკის თქმით, არანგოს შეცდომა 2021 წლის ზაფხულში გამოვლინდა: „მამა არანგო არასწორ ფრაზას იყენებდა ნათლობის დროს მთელი თავისი მღვდლობის პერიოდში, სანამ ამის შესახებ გასული წლის ზაფხულში არ აცნობეს ეპარქიას“, – განაცხადა კეტი ბერკმა. მისივე თქმით, არასწორად მონათლულთა რაოდენობა „ათასობითაა“.
ეპისკოპოსმა თომას ოლმსტედმა დაადასტურა, რომ „დეტალური შესწავლისა“ და ვატიკანთან კონსულტაციის შემდეგ მამა არანგოს მიერ ჩატარებული ნათლობები ძალადაკარგულად გამოცხადდა.
შეცდომის აღმოჩენის შემდეგ არანგომ მრევლს ბოდიში მოუხადა და თანამდებობა დატოვა. ეპარქიის პრესმდივნის ინფორმაციით, იგი მთელ თავის შემდგომ საქმიანობას მიუძღვნის „იმ ადამიანთა დახმარებას, რომლებიც ამ შეცდომის გამო დაზარალდნენ“.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები