fbpx
მოგზაურობამსოფლიო

ისრაელში „მწვანე პასპორტები“ უქმდება და სხვა შეზღუდვებიც შემსუბუქდება

პირველი მარტიდან ისრაელში საჯარო სივრცეებში შესასვლელად „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ომიკრონის“ ტალღა ქვემოთ წამოვიდა, პიკმა გადაიარა და კოვიდ-19-ის ე.წ. მწვანე პასპორტები გაუქმდება; მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დიდი რაოდენობის მიუხედავად მძიმე შემთხვევების რიცხვი მკვეთრად შემცირდა, ამიტომ უახლოეს მომავალში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სხვა შეზღუდვებიც შემსუბუქდება.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მშობლები კვლავ ვალდებულები იქნებიან, სკოლის მოსწავლე ბავშვებს კვირაში ორჯერ ჩაუტარონ ტესტი კორონავირუსზე.

ამჟამად საზოგადოებრივ სივრცეებში შესასვლელად ისრაელში ე. წ. მწვანე პასპორტის წარდგენა აუცილებელია.

გარდა ამისა, ისრაელის ხელისუფლება განიხილავს, 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ქვეყანაში შესვლის შეზღუდვა შეამსუბუქონ. შესვლის წინ არასრულწლოვანები, ისევე როგორც უფროსები, ჩააბარებენ ტესტს და პასუხის მოსვლამდე იზოლაციაში დარჩებიან. რაც შეეხება 12 წელზე მეტი ასაკის არავაქცინირებულ მოზარდებს, მათთვის ისრაელში შესვლა ჯერჯერობით კვლავ აკრძალული იქნება.

ისრაელში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 3 508 222 შემთხვევა გამოვლინდა და 9 768 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ით (დაახლ. 0,28%).

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close