მედიცინატექნოლოგიები

პარალიზებული ადამიანები სიარულს შეძლებენ – მეცნიერებმა დაზიანებული ზურგის ტვინის მკურნალობის მეთოდს მიაგნეს (ვიდეო)

მსოფლიოში მილიონობით ადამიანია პარალიზებული ხერხემლის ტრავმის გამო და მათი ეფექტიანი მკურნალობა ამ დრომდე შეუძლებელია, თუმცა ეს შესაძლებლობა უკვე ძალიან მალე შეიძლება გაჩნდეს და პარალიზებულმა ადამიანებმა ისევ შეძლონ სიარული და მოძრაობა. ამ იმედის საფუძველს ებრაელი მეცნიერების ახალი უნიკალური კვლევა იძლევა.

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს მსოფლიოში პირველი იმპლანტი, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანებების სამკურნალოდ არის განკუთვნილი. უნიკალური კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Advanced Science-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა პაციენტების ქსოვილების ნიმუშები თავის ტვინის ფუნქციონირებად იმპლანტებად გარდაქმნეს ადამიანის ემბრიონებში თავის ტვინის განვითარების ანალოგიური პროცესის შედეგად.

ექსპერიმენტის ხელმძღვანელის, თელ-ავივის უნივერსიტეტის საგოლის რეგენერაციული ბიოტექნოლოგიის ცენტრის პროფესორის, ტალ დვირის განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგია დაფუძნებულია პაციენტისგან ბიოფსიის საშუალებით მუცლის ცხიმოვანი ქსოვილის მცირე ფრაგმენტის აღებაზე, რომელსაც შემდგომ გენური ინჟინერიის მეშვეობით სახე შეუცვალეს იმ მდგომარეობამდე, რომელიც ემბრიონული ღეროვანი უჯრედების მდგომარეობის მსგავსია.

კლინიკური ცდები ადამიანებზე ჯერ არ დაწყებულა. მეცნიერებმა ადამიანის უჯრედებისგან შექმნილი იმპლანტები 15 პარალიზებულ თაგვს გადაუნერგეს. შედეგად 12-მა თაგვმა ისევ დაიწყო სიარული. ამრიგად, პარალიზებულ თაგვებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა ტესტებმა 80%-იანი შედეგი აჩვენა – მათ აღუდგათ მოძრაობის უნარი ადამიანის უჯრედებისგან შექმნილი 3D იმპლანტის გამოყენებით.

კლინიკური ცდები ადამიანებზე ჯერ არ დაწყებულა 3D-имплантатов из клеток человека.

„ცხოველებმა, რომლებზეც ექსპერიმენტები ჩავატარეთ, რეაბილიტაციის სწრაფი პროცესი გაიარეს, რომლის დასრულების შემდეგ საკმაოდ კარგად შეძლეს  სიარული“, – აღნიშნა პროფესორმა დვირმა და დასძინა, რომ დაახლოებით 3 წელიწადში მკვლევრები კლინიკური ცდების ადამიანებზე ჩატარებას გეგმავენ.

პროფესორმა, აგრეთვე, დააზუსტა, რომ ყველა თაგვს 3 ადამიანის უჯრედებისგან შექმნილი ზურგის ტვინის იმპლანტი ჩაუნერგეს, თუმცა ადამიანების შემთხვევაში ინოვაცია გულისხმობს უნიკალური ქსოვილის შექმნას ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად, მათივე საკუთარი უჯრედების გამოყენებით.

კვლევის ხელმძღვანელი პროგნოზირებს, რომ მოცემული ტექნოლოგია დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციის საშუალებას მისცემთ ორგანიზმის მიერ იმპლანტის უკუგდების რისკის გარეშე და საჭირო არ გახდება პაციენტების იმუნური სისტემის დათრგუნვა, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივი ტრანსპლანტაციის დროს.

კვლევის კიდევ ერთი უნიკალური ფაქტორი აღმოჩნდა დიდი ხნის წინათ პარალიზებული ცხოველების მკურნალობა – ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც იმპლანტირებული ცხოველები ადამიანის ქსოვილების საშუალებით ხანგრძლივი ქრონიკული პარალიზების შემდეგ გამოჯანმრთელდნენ.

„ექსპერიმენტში გამოვიყენეთ როგორც ცოტა ხნის წინათ, ისე დიდი ხნის წინათ პარალიზებული თაგვები. წარმატებული შედეგი მივიღეთ ორივე ჯგუფის შემთხვევაში და ველოდებით, რომ მეთოდი იმუშავებს ადამიანებთან, რომლებიც სხვადასხვა დროის განმავლობაში არიან პარალიზებულები“, – განაცხადა პროფესორმა დვირმა.

ექსპერტების თქმით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანია პარალიზებული ხერხემლის ტრავმის გამო და მათი ეფექტიანი მკურნალობა ამ დრომდე შეუძლებელია.

„ადამიანებს, რომლებმაც ტრავმა ძალიან ახალგაზრდა ასაკში მიიღეს, მთელი დარჩენილი ცხოვრების ინვალიდის ეტლში გატარება უწერიათ, ყველა სოციალურ, ფინანსურ და სამედიცინო დანახარჯებთან ერთად… თუ ახალი მეთოდი ადამიანებშიც იმუშავებს – და გვწამს, რომ ასეც იქნება – ეს ყველა პარალიზებულ ადამიანს მისცემს იმედს, რომ ისინი ისევ შეძლებენ სიარულს“, – ამბობს დასკვნის სახით პროფესორი ტალ დვირი.

მისი ჯგუფი, რომელშიც შედიან დოქტორები – ლიორ ვერტჰეიმი, რეუბენ ენდრი და იონა გოლდშმიტი, მიიჩნევს, რომ ახალი მეთოდი არა მარტო ხერხემლის ტრავმის დროს არის გამოსადეგი. ამჟამად მეცნიერები სწავლობენ მისი გამოყენების შესაძლებლობას რამდენიმე სხვა დაავადებისა და ტრავმის დროს, როგორიცაა: პარკინსონის დაავადება, თავის ტვინის ტრავმა და მიოკარდიუმის ინფარქტი.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close