ესპანეთის პარლამენტი კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ხასიათის დანაშაულებს გამოიძიებს
ლუსია მუნიოსი ესპანეთის პარლამენტისა და ორპარტიული კოალიციური მთავრობის წევრია. მისი ინიციატივით პარლამენტში შეიქმნება კომისია, რომლის მიზანი კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ხასიათის დანაშაულების გამოაშკარავებაა. გამოძიებამ შესაძლოა გამოავლინოს ათწლეულების განმავლობაში ესპანეთში, ეკლესიაში ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ასობით დანაშაული.
ესპანეთის პარლამენტის წევრი ლუსია მუნიოსი აღნიშნავს, რომ ესპანეთმა, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ, უნდა გამოიძიოს დანაშაული. ქვეყნის ვალდებულებაა, დაიცვას დაზარალებულთა ინტერესები და უზრუნველყოს, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდეს.
ესპანეთის მთავრობაში ჯერ არ შეთანხმებულან გამოძიების საბოლოო მექანიზმებზე, თუმცა, დიდი ალბათობით, კომისიაში გაწევრიანდებიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებსაც ესპანეთის სახალხო დამცველი ჩაუდგება სათავეში. თუმცა ესპანეთის კათოლიკურ ეკლესიაში გავრცელებული სექსუალური ძალადობის შემთხვევები წლების განმავლობაში გრძელდება. საინტერესოა, ახლა რატომ დგამენ ქმედით ნაბიჯებს, რამ უბიძგა საზოგადოებას?
ერთ-ერთი დაზარალებულის, მიგელ ურტადოს აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ შეიცვალა სოციალური ნორმები და დამოკიდებულება, ის ვითარება, რომელიც ადრე აღიარებული და საყოველთაოდ ცნობილი იყო, ახლა აღარ არის მიღებული. ამიტომ გახდა საჭირო ზომების მიღება. ყოველდღიურად იზრდება იმ დაზარალებულთა და მსხვერპლთა რიცხვი, რომლებმაც ხმა აიმაღლეს. შესაბამისად, მათ უკან დასახევი გზა აღარ დარჩათ.
მიგელ ურტადო ერთ-ერთი პირველია, რომელიც გამოვიდა და ხმამაღლა ილაპარაკა ძალადობის შესახებ იმ იმედით, რომ გამოძიება გამოავლენს და დასჯის დამნაშავეებს.
ესპანეთის კათოლიკურ ეკლესიაში განაცხადეს, რომ კომენტარს არ გააკეთებენ, სანამ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. მათ დასძინეს, რომ ეკლესიაში უკვე მიიღეს შესაბამისი ზომები. ზოგიერთ ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ გამოძიება განზრახ არის მიმართული ეკლესიის წინააღმდეგ. მათი თქმით, ბავშვებზე ძალადობა უფრო ფართო პრობლემაა და ესპანეთის მთელ საზოგადობას ეხება.
euronewsgeorgia.com
კომენტარები