იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომლის ვადა 31 მარტს იწურება, აღარ გაგრძელდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა შეზღუდვა ერთბაშად მოიხსნება, – ამის შესახებ იტალიური მედია წერს მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით.
ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ დახურული ტიპის საჯარო სივრცეებში (როგორიცაა, მაგ., საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაღაზიები) ნიღბის ტარების ვალდებულება 31 მარტის შემდეგაც შენარჩუნდება.
სპერანცას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ იტალიის მოსახლეობის 90% ვაქცინირებულია მინიმუმ ერთი დოზით, შესაძლებელია შეიცვალოს მიდგომა, თუმცა სიფრთხილით. „[ვაქცინაციის] ამ მაჩვენებლებით შეგვიძლია კოვიდ-19-ის ახალ სეზონს სხვაგვარი მიდგომით შევხვდეთ“, – თქვა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ქალაქ ლიონში. მისი თქმით, ყველა ევროპული ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებით წავა.
„მიდგომის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს მოქალაქეთა დიდი პროცენტი, რომლებმაც ვაქცინაცია აირჩიეს .. თუ ნამდვილად გვინდა ახალი ფაზა გაიხსნას და მრავალ რთულ დღეს დავუსვათ წერტილი, თუ გვინდა წარსულის ასეთი რთული პერიოდი დავხუროთ, უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაციის კამპანია“, – აღნიშნა სპერანცამ და დასძინა, რომ „ყველაფერი გაიხსნება შესაძლებლობის ფარგლებში, თუ ვაქცინაციის კამპანია სწრაფად გაგრძელდება“.
9 თებერვლის მონაცემებით, იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 81 367 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (დადებითობის მაჩვენებელი 11,1%-ია), გარდაიცვალა 384 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ქვეყანაში გარდაცვლილია 149 896 ადამიანი დადასტურებული დიაგნოზით „კორონავირუსული პნევმონია“, ინფიცირება კი 11 847 436 ადამიანს დაუდასტურდა (ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 20%).
იტალიაში ორჯერადად აცრილია მოსახლეობის 80,7%, ბუსტერული დოზა კი თითქმის 59%-ს აქვს გაკეთებული.
და კიდევ ერთი ინფორმაცია: კამპანიაში ისევ სავალდებულო რჩება პირბადის ტარება გარე სივრცეებში – ქალაქის ცენტრალურ უბნებში, მოედნებზე, სასეირნო ადგილებში იმ საათებში, როცა ბევრი ადამიანი იყრის თავს, აგრეთვე, რიგებში, ბაზრობებსა და ბაზრებში; საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღია სივრცეებში – ბორანზე, გემებსა და ნავებზე. ამ დადგენილებას კამპანიის რეგიონის (დედაქალაქი – ნეაპოლი) პრეზიდენტმა ვინჩენცო დე ლუკამ მოაწერა ხელი, ეროვნული მთავრობის მიერ მიღებული წესების მიუხედავად. ტექსტი დღეს დილით გამოქვეყნდა და მისი მოქმედება თვის ბოლომდე – 28 თებერვლამდე გაგრძელდება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები