ვიდეოსაქართველო

როგორ მოხვდნენ სირაქლემები სამეგრელოში (ვიდეო)

35 წლის ლევან ფაღავამ აფრიკული სირაქლემების მოშენებაზე ფიქრი 3 წლის წინ დაიწყო. საინკუბაციო კვერცხები საზღვარგარეთიდან ჩამოიტანა და პირველი წიწილები თბილისში გამოიჩეკნენ. თავდაპირველად მათ მრავალსართულიან კორპუსში, საკუთარი ბინის აივანზე ზრდიდა, მოგვიანებით კი მარტვილში ჩაიყვანა.

ამჟამად მცირე ფერმებში, რომლებიც ნაგვაზაოსა და ხახუნაოშია მოწყობილი, 18 ზრდასრული სირაქლემა და 10 წიწილა ჰყავს. გაზაფხულისთვის ვიზიტორების მისაღებად კონტაქტური ზოოპარკის გახსნას გეგმავს. შერეულ მეურნეობაში აფრიკული სირაქლემების გარდა 30-მდე სახეობის დეკორატიული ფრინველი, მათ შორის, ფარშავანგები და ხოხბები ჰყავს მოშენებული. აქვე ნახავთ ჰოლანდიურ ძროხებს და ვიეტნამურ ღორებსა და თხებს.

„ვფიქრობდი, რა შეიძლება დავიწყოთ ისეთი, რაც საქართველოსთვის ახალი იქნება და ამ ფიქრებმა  სირაქლემებამდე მიმიყვანა. მეღვინე ვარ და კახეთში მქონდა ამ იდეის განხორციელების სურვილი, მაგრამ დაემთხვა ისე, რომ არქივში მივაკვლიე, თუ საიდან იყვნენ ჩემი წინაპრები. 4 თაობის განმავლობაში დაკარგული იყო ეს ინფორმაცია. რეპრესირებული იყო ჩვენი ოჯახი. 1921 წელს ჩემი დიდი ბაბუის მამის მშობლები დახვრიტეს, მაშინ თვითონ 14 წლის იყო და ნათლიამ გაზარდა თბილისში. სამწუხაროდ, იმ დროს შეწყდა ჩვენი სიყვარული და ურთიერთობა სამეგრელოსთან. ასე რომ, ჩამოვედი სამი წლის წინ და ვეღარ მივდივარ, მით უფრო ახლა“, – გვიყვება ლევანი.

გვიხსნის, რომ სირაქლემას საინკუბაციო კვერცხების საქართველოში ჩამოტანა საკმად დიდ ბიუროკრატიულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. თავდაპირველად ევროპიდან ზრდასრული სირაქლემების ჩამოყვანას გეგმავდა, თუმცა ეს დიდ დანახარჯებს მოითხოვდა.

„კვერცხები სათითაოდ ჩამოვიტანეთ… ხან მეგობრებს დავაბარე. შვეიცარიიდან ვინმე თუ მოფრინავდა და მეუბნებოდა, ლევან, მაგარი შოკოლადი უნდა ჩამოგიტანო, ვეუბნებოდი – არ მინდა, ჩამომიტანე სირაქლემას საინკუბაციო კვერცხი. ასე მოვაგროვეთ, გამოიჩეკნენ ადგილზე და ახლა უკვე ზრდასრული სირაქლემები გვყავს. სხვათა შორის, ძალიან მშვიდები არიან, ხმაური არ უყვართ და არც ქვიშაში ჰყოფენ თავს (იცინის). უწყინარი ფრინველები არიან, თუმცა არ ვიცი, როგორები იქნებიან კვერცხდების დროს, ამ წელს უწევთ ეს პერიოდი“, – ამბობს ლევანი და დასძენს, რომ არასაკმარისი გამოცდილების და ინფორმაციის გამო პირველი 100 კვერცხიდან მხოლოდ 12 წიწილა გამოიჩეკა.

გააგრძელე კითხვა აქ: radioatinati.ge/multimedia/article

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close