მსოფლიოპოლიტიკა

ესპანეთი კიდევ ერთ შეზღუდვას აუქმებს

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირიდან გარე სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამ საკითხს მომავალ სამშაბათს განიხილავენ მთავრობის სხდომაზე, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, კაროლინა დარიასმა განაცხადა, ძალაში შევა ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნებისთანავე, ოთხშაბათს. ამის შესახებ „ელ პაისი“ წერს

მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას უკავშირდება.

ნიღბის ტარების ვალდებულება ყველგან – ღია თუ დახურულ საჯარო სივრცეებში, პლაჟებისა და სოფლის ტერიტორიების გარდა, დისტანციის დაცვით თუ მის გარეშე, გასულ წელს წინასაშობაოდ შემოიღეს. ესპანეთის მთავრობის მეთაურმა პედრო სანჩესმა ამ ზომის შესახებ 22 დეკემბერს განაცხადა რეგიონების პრეზიდენტების კონფერენციის შემდეგ, რომელზეც რამდენიმე რეგიონის მეთაურმა მოითხოვა, რომ „ომიკრონის“ გავრცელების შეკავების მიზნით ეს შეზღუდვა ამოქმედებულიყო.

ესპანეთი იყო იმ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის, რომლებმაც ღია საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება შემოიღეს. ესპანეთის გარდა დაცვის ეს ზომა მხოლოდ იტალიაში, შოტლანდიასა და საფრანგეთში ამოქმედდა პანდემიის ბოლო ტალღის დროს. სამივე ქვეყანამ პირბადის ტარების ვალდებულება ღია ცის ქვეშ მიმდინარე კვირაში უკვე მოხსნა.

ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში სასამართლომ დისტანციის დაცვისა და შეკრებების შესახებ რეგულაციებიც გააუქმა. ჩრდილოეთ არაგონსა და ბასკეთში რესტორნებსა და ბარებში შესვლისთვის საჭირო აღარ იქნება არც ტესტირება და არც „მწვანე პასპორტი“. ესპანეთის სიდიდით მეორე რეგიონში – კატალონიაში (დედაქალაქიბარსელონა) 28 იანვრიდან ბარებში, რესტორნებსა და ფიტნეს კლუბებში შესვლისთვის „მწვანე პასპორტის“ წარდგენა აღარ არის საჭირო, გაუქმდა კერძო შეკრებებისას რაოდენობრივი შეზღუდვაც (მანამდე დაშვებული იყო 10 კაცამდე). შეგახსენებთ, რომ შობის დღესასწაულზე კატალონიაში კომენდანტის საათიც დაწესდა, რომელიც 21 იანვარს მოიხსნა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close