სამეცნიერო პლატფორმა BioRxiv-ზე გამოაქვეყნდა ჩინელი მეცნიერების სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვირუსი ნეოკოვი ღამურების პოპულაციას დაუფიქსირდა. ვირუსი ამჟამად მხოლოდ ცხოველებშია გავრცელებული, თუმცა გამოკვლეულ ვირუსს აქვს მუტაციისა და ადამიანების ორგანიზმში შეღწევის უნარი. ჩინელი მეცნიერების წინასწარი კვლევით, მხოლოდ ერთი მუტაციაა საკმარისი, რომ ვირუსმა ადამიანის უჯრედში შეაღწიოს.
მეცნიერები ასევე ფიქრობენ, რომ ინფექცია ნეოკოვს ვერ გაანეიტრალებს ანტისხეულები, რომლებიც სარს კოვ-2-ის ანუ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედებენ. კვლევა ეფუძნება თეორიას იმის შესახებ, რომ თუ ნეოკოვი განიცდის გარკვეულ მუტაციას, ის იმავე გზით დააინფიცირებს ადამიანს, როგორი გზითაც აღწევდა კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში.
ვირუსოლოგები იკვლევენ თეორიებს და ამოწმებენ, რამდენად რეალურია საფრთხე. ჯერჯერობით ეს ჰიპოთეზური მონაცემებია. ამასთან, სტატიას ჯერ არ გაუვლია რეცენზირების ეტაპი. შესაბამისად, ეს მხოლოდ ვარაუდია და არ არის დადასტურებული.
ნეოკოვთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც. ჯანმოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ იციან ამ ვირუსის შესახებ, ჩინელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით კი საჭიროა დამატებითი კვლევის ჩატარება, არის თუ არა საშიში ნეოკოვი ადამიანებისთვის. ჯანმოში განმარტავენ, რომ ზოგადად ვირუსის წყარო არის ცხოველი, 75%-ის შემთხვევაში სწორედ მათგან გადაედება ვირუსი ადამიანს. მათივე ინფორმაციით, უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (OIE), საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და გაეროს გარემოს პროგრამასთან (UNEP), რათა მონიტორინგი გაუწიონ და გაარკვიონ, მოსალოდნელია თუ არა ზოონოზური ვირუსის საფრთხე.
წყარო – euronewsgeorgia.com
კომენტარები