ათენის მოკლე ისტორია – რა უნდა ვიცოდეთ საბერძნეთის დედაქალაქის შესახებ
ვინც ათენში ყოფილა, დაგვეთანხმება, რომ ის სრულიად განსაკუთრებული ქალაქია და არცერთ სხვა ქალაქს არ ჰგავს, მას ენით აუწერელი ხიბლი აქვს – შესაძლოა იმ ძველი საოცარი ამბების გამო, აქ რომ ხდებოდა, იმ ძველი საოცარი ხალხის გამო, აქ რომ ცხოვრობდა და დღევანდელი ათენი, ანტიკურის სამართალმემკვიდრე, ისევ ინახავს იმ დიადი ენერგიების მუხტს, რომელმაც ძველი საბერძნეთის დიდება განსაზღვრა.
ათენის ისტორია მრავალი საუკუნის წინათ იწყება. გადმოცემის თანახმად, ქალაქი ჯერ კიდევ მიკენურ ხანამდე (ძვ. წ. XVI-XI სს.) არსებობდა.
პლატონი თავის პირველ დიალოგში – „ტიმეოსში“ ამბობს, რომ ქალღმერთ ისიდას ეგვიპტელმა ქურუმებმა სოლონს, რომელიც ეგვიპტეში იმყოფებოდა, უამბეს ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 9600 წელს არსებული აყვავებული ქალაქის შესახებ, რომელსაც ათენი ერქვა.
ათენის პირველი მაცხოვრებლები პელასგები იყვნენ.
ათენის პირველი მითური მეფის – კეკროპის მმართველობის დროს (III-II ათასწლეულები ჩვენს ერამდე), რომლის სახელიც ეწოდა პირველ აკროპოლისს (კეკროპია), ათენი იონიელებით იყო დასახლებული. ისინი ატიკის მიწაზე გადმოსახლდნენ. შემდეგ ქალაქს სახელი გადაარქვეს სიბრძნის ქალღმერთ ათენას პატივსაცემად, რომელმაც მას ზეთისხილის ხე აჩუქა – სიცოცხლისა და სიმდიდრის წყარო, ამასთან დაკავშირებით კი ქალაქის მფარველის ტიტული მიიღო ზღვის ღმერთ პოსეიდონთან შეჯიბრის შემდეგ.
ცნობილი მითი თესევსსა და მინოტავრზე მოწმობს ათენის მჭიდრო კავშირზე კრეტასთან ჯერ კიდევ მინოსის ეპოქაში (ძვ. წ. III-II ათასწლეულები), როდესაც თესევსის მამა, ეგეოსი ათენის ტახტზე იჯდა, რომელიც შემდეგ მის ვაჟს ერგო.
ტროის ომის დროს ათენი მიკენს უჭერდა მხარს და ტროის წინააღმდეგ თითქმის 3000 ჯარისკაცი გაგზავნა 50 ხომალდით მენესთეოსის მეთაურობით. იმ პერიოდში, ჩვენს ერამდე III ათასწლეულიდან ლავრიონში საბადო მუშაობდა, სადაც ქალაქისთვის კალას და ვერცხლს მოიპოვებდნენ, მოგვიანებით კი, რკინის საუკუნეში – რკინას. ვაჭრობა სწრაფად იზრდებოდა კერამიკის ნივთების, ზეითუნის ზეთის, თაფლის, ღვინის, აგრეთვე, პანტელიის მარმარილოს წარმოებასთან ერთად, რამაც ქალაქს მოკლე დროში წარმოუდგენელი ეკონომიკური აყვავება მოუტანა.
ათენის პირველ კანონმდებლად დრაკონი ითვლება, რომელმაც ჩვენს ერამდე VII საუკუნეში (621 წ.) ე. წ. „დრაკონის კანონები“ გამოსცა. ეს იყო პირველი წერილობითი სამართლის ნორმები, რომელიც მარმარილოზე იყო ამოკვეთილი. უმკაცრესი, „დრაკონული კანონების“ შემდეგ იყო უკვე სოლონის კანონმდებლობა – „სეისახთეია“ (ბერძ. σεισάχθεια), რომელმაც ატიკის მაცხოვრებლები საგადასახადო ტვირთისგან გაათავისუფლა.
ათენის „ოქროს ეპოქაში“ (500-300 წწ. ჩვენს ერამდე) ქალაქი ევროპის კულტურული და ინტელექტუალური ცენტრი გახდა. ის, რასაც დღეს „დასავლურ კულტურას“ ვუწოდებთ, დიდწილად ძველი საბერძნეთის კულტურას ეფუძნება. ამ პერიოდში ათენის სტრატეგოსი იყო პერიკლე და მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობა მხოლოდ 32 წელს გაგრძელდა, ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეს მაინც პერიკლეს საუკუნე ეწოდა. ანტიკური ხანის ისტორიკოსმა თუკიდიდემ პერიკლეს უწოდა „პირველი ათენელთა შორის“, რადგან, მისი აზრით, მას ახასიათებდა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის ყველა ძირითადი „სიკეთე“: ჭკუა, მჭევრმეტყველება, პატრიოტიზმი და უანგარობა.
პერიკლეს პოლიტიკა მიმართული იყო ათენის დემოკრატიის ჰეგემონიის განმტკიცებისკენ, რომელიც თავისუფალი საზოგადოების სიმბოლოდ იქცა, თუმცა გაუთავებელი კონფლიქტები სპარსეთის იმპერიასთან საბოლოო ჯამში ელინიზმის კატასტროფით დასრულდა პელოპონესის ომში.
ჩვენს ერამდე 86 წელს, ალყის შედეგად, ათენი რომის სტრატეგოსის – ლუციუს კორნელიუს სულას არმიამ დაიპყრო, რომელმაც ქალაქი უმოწყალოდ გაძარცვა.
ამის მიუხედავად ათენი ძველებურად მეტროპოლიად რჩებოდა რომაელთა ბატონობის დროსაც, სანამ ჩვენი წელთაღრიცხვით III საუკუნეში ქალაქი გერმანულმა ტომმა – ჰერულებმა არ გაძარცვეს და გაანადგურეს, თუმცა ათენმა თავისი სულიერი იერსახე შეინარჩუნა – მის სკოლებში სწავლობდნენ იმ ეპოქის გამოჩენილი პიროვნებები, როგორიც იყო, მაგალითად, რომის იმპერატორი (332 – 363 წწ.) ფლავიუს კლავდიუს იულიანი.
529 წელს – დაახლოებით 200 წლის შემდეგ, რაც ბიზანტიამ ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა აღიარა – ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე პირველის ბრძანებულების საფუძველზე ათენის სკოლები დაიკეტა.
ათენის წარსული დიდებიდან აჩრდილიღა დარჩა: ელინიზმის ცენტრმა უკვე კარგა ხნის წინ გადაინაცვლა ჩრდილოეთით – მაკედონიაში და აღმოსავლეთით – კონსტანტინოპოლში, რის შედეგადაც ათენი პატარა პერიფერიულ ქალაქად იქცა, რომლის მოსახლეობა 20 000-ს შეადგენდა.
ამ პერიოდში პართენონი ქრისტიანულ ტაძრად გადაკეთდა, პანაგიას (წმინდა ღვთისმშობელი) სახელზე.
XIII-XV საუკუნეებში ათენმა ისევ გადაიტანა ალყა მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ამჯერად ლათინური სახელმწიფოების მხრიდან, რომლებიც 1204 წელს ბიზანტიის დედაქალაქის – კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგად წარმოიქმნა. ქალაქის წარსული დიდებისა და მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო ის ფრანკთა ათენური საჰერცოგოს დედაქალაქი გახდა (ამ წლებში აკროპოლისს სასახლის ფუნქცია ჰქონდა).
1458 წელს ათენი თურქებმა დაიპყრეს. ოსმანების შეჭრის შემდეგ ქალაქზე პრეტენზიას აცხადებდა ვენეციის რესპუბლიკაც. სწორედ ამ პერიოდში დაზარალდა ანტიკური ხანის უმნიშვნელოვანესი ძეგლი – პართენონი ვენეციური ხომალდებიდან საარტილერიო ცეცხლის შედეგად, რასაც ვენეციელი დოჟი ფრანჩესკო მოროზინი ხელმძღვანელობდა.
XIX საუკუნის დასაწყისში ბერძენი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის შემდეგ (იმ დროისთვის, 1833 წელს ათენი საბერძნეთის დედაქალაქი გახდა), მრავალი ალყის შედეგად ქალაქი პატარა, პრაქტიკულად, დაცარიელებულ და დანგრეულ დასახლებას წარმოადგენდა.
თურქეთის ბატონობისგან გათავისუფლების შემდეგ, 1834 წლიდან მოყოლებული, მეფე ოტონის ინიციატივით, სამეფო კარის არქიტექტორის – ლეო ფონ კლენცეს (გერმ. Leo von Klenze) პროექტით დაიწყო ათენის, როგორც დედაქალაქის, მშენებლობა და განვითარება.
1922 წელს, მცირე აზიის კატასტროფის შემდეგ, ათენს მცირე აზიიდან დევნილთა დიდი ნაკადები მოაწყდა და 1923 წელს ქალაქში უკვე ბევრი ახალი კვარტალი იყო.
მეორე მსოფლიო ომის დროს კი ათენი გერმანელმა ფაშისტებმა დაიპყრეს. ომის დამთავრების შემდეგ, განსაკუთრებით კი – 60-იანი წლებიდან ქალაქმა კვლავ დაიწყო ზრდა და განვითარება.
ათენი, როგორც დედაქალაქი, ყოველთვის იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ცენტრი. აქ მოხდა 1843 წლის 3 სექტემბრის რევოლუცია, რის შედეგადაც ქვეყანა აბსოლუტური მონარქიიდან კონსტიტუციურ მონარქიაზე გადავიდა.
ათენში მოხდა სამოქალაქო ომის პირველი მოვლენები – ე. წ. დეკემბრის ამბები: სამხედრო შეტაკებები 1944 წელის დეკემბრიდან (პრაქტიკულად, ქალაქის გერმანელი დამპყრობლებისგან გათავისუფლებისთანავე 1944 წლის 18 დეკემბერს) 1945 წლის იანვრამდე, მემარცხენე ორგანიზაციებს (ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი/ЕАМ, ეროვნული სახალხო განმათავისუფლებელი არმია/ELAS, საბერძნეთის კომუნისტური პარტია/ККЕ) და საბერძნეთის სახელმწიფოს და ინგლისის ჯარებს შორის.
1967 წლის 27 აპრილს ათენში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რომელიც 3 პოლკოვნიკის სამხედრო დიქტატურის დამყარებით დასრულდა (ხუნტა). ე. წ. შავი პოლკოვნიკების – გეორგიოს პაპადოპულოსის, სტილიანოს პატაკოსის და ნიკოლაოს მაკარეზოსის – მმართველობა 1974 წელს დაემხო.
საბერძნეთის შესვლამ ევროკავშირში 1981 წელს (მაშინ კავშირს ევროპის ეკონომიკური ერთობა ერქვა) ქალაქს ბევრი ინვესტიცია მოუტანა.
დღეს ათენი უზარმაზარი მეგაპოლისია 2,5-მილიონიანი მოსახლეობით. მეგაპოლისის უკიდურეს სამხრეთ და უკიდურეს ჩრდილოეთ პუნქტებს შორის (პირეოსიდან მარუსამდე) მანძილი 23 კილომეტრია.
როგორც აღვნიშნეთ, ქალაქს სახელი სიბრძნის ქალღმერთის – ათენა პალადას პატივსაცემად ჰქვია. საინტერესოა, რატომ არის ათენის სახელწოდება მრავლობით რიცხვში? – საქმე ისაა, რომ თავდაპირველად ის 10 ქალაქისგან შემდგარი კონგლომერატი იყო. ამჟამად ქალაქის ოფიციალურ სახელწოდებას ბერძნები მხოლობით რიცხვში ამბობენ – ათინა (Αθήνα / Athína), თუმცა სხვა ენებზე მისი სახელწოდება ისევ მრავლობით რიცხვშია (მაგ., ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად – Athènes, Athens, Афины) და, როგორც ჩანს, არც აპირებენ შეცვლას. ქართულად კი ათენი ყოველთვის მხოლობით რიცხვში წარმოითქმებოდა და შესაცვლელიც არაფერია.
ნინო ლურსმანაშვილი
კომენტარები