იტალიის მთავრობა ხვალ, 2 თებერვალს სხდომაზე განიხილავს საკითხს ე. წ. მწვანე სერტიფიკატების მოქმედების ვადის ცვლილების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა მედიამ პირველ თებერვალს გაავრცელა.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სამი დოზით აცრილებისთვის „მწვანე სერტიფიკატები“ უვადო გახდება, ყოველ შემთხვევაში მოქმედი იქნება მანამ, სანამ ევროპის წამლის სააგენტო – EMA და იტალიის წამლის რეგულირების სააგენტო – AIFA არ მიიღებენ გადაწყვეტილებას მეოთხე დოზით სავალდებულო აცრის თაობაზე.
ამასთან, იტალიის მთავრობამ გასული ორშაბათის სხდომაზე გადაწყვიტა, რომ პირველი თებერვლიდან კიდევ 10 დღით გახანგრძლივდება ღია საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარების ვალდებულება და ისევ აკრძალული იქნება დისკოთეკების და სხვა მსგავსი გასართობი დაწესებულებების მუშაობა.
ორშაბათსვე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პიერპაოლო სილერიმ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მთავრობა 31 მარტის შემდეგ აღარ გააგრძელებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს კორონავირუსის პანდემიის გამო.
პანდემიის დაწყების პირველ პერიოდში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იტალიაში, როგორც ცნობილია, რამდენჯერმე გახანგრძლივდა, ბოლოს – 2022 წლის 31 მარტამდე.
სილერის თქმით, მოსალოდნელია, რომ მარტის ბოლომდე ამჟამად მოქმედი შეზღუდვებიც ეტაპობრივად გაუქმდება.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ 24 საათში იტალიაში 133 142 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, 427 კი გარდაიცვალა. ჩატარდა1 246 987 მოლეკულური და ანტიგენის ტესტი და დადებითობის მაჩვენებელი 10,1%-ს შეადგენს.
ინტენსიურ და ჩვეულებრივ პალატებში მოთავსებულ ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში SANS-CoV-2-ით 11 116 422 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 146 925 გარდაიცვალა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები