fbpx
მედიცინა

ჭარბი წონა ქალებში მათი პაპების მიერ ადრეულ ასაკში მოწევის დაწყებას უკავშირდება – კვლევა

ბრისტოლის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანიც იყო, შეესწავლათ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გავლენა მის მომავალ შთამომავლობაზე. მათი კვლევის შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

2014 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ მომავალი მამები რეგულარულად ეწეოდნენ თამბაქოს სქესობრივ მომწიფებამდე, მათ ვაჟებს სიმსუქნისკენ მიდრეკილება ჰქონდათ, თუმცა ქალიშვილების ფიზიკურ ფორმაზე ამ ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია. მოგვიანებით კი მეცნიერებმა ახალი პროექტი – „90-იანი წლების ბავშვები“ დაიწყეს, რომლის ფარგლებში ადამიანებზე მათი პაპებისა და დიდი პაპების ჯანმრთელობის გავლენა შეისწავლეს.

სპეციალისტებმა 14 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს და მოწევასა და ჭარბ წონას შორის პირდაპირი კავშირი აღმოაჩინეს. კერძოდ, თუ ქალის პაპა მამის მხრიდან 13 წლამდე იწყებდა მოწევას, შვილიშვილის ჭარბი ცხიმოვანი მასა 17 წლის ასაკში +3,5 კილოგრამს შეადგენდა, 24 წლის ასაკში კი +5,5 კილოგრამს. თუ ადრეულ ასაკში მოწევას იწყებდნენ დიდი პაპები დედის მხრიდან, მათ მდედრობითი სქესის შვილთაშვილებს 17 წლის ასაკში +5 კილოგრამი ჭარბი წონა აღენიშნებოდათ, 24 წლის ასაკში კი ეს მაჩვენებელი 6 კილოგრამს აღწევდა. მამრობითი სქესის შთამომავლებში ეს ეფექტი არ ფიქსირდება.

კვლევის შედეგების შეჯამებისას ავტორებმა დამტკიცებულად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ სქესობრივ მომწიფებამდე ბიჭის ორგანიზმზე გარკვეული ნივთიერებების ზემოქმედებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მის მომდევნო თაობებზე. ამგვარად, ბავშვებში ჭარბი წონა შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული მათ კვებასა და ფიზიკურ აქტივობასთან, არამედ მათი წინაპრების ცხოვრების წესის შედეგი აღმოჩნდეს.

imedinews.ge
წყარო: alia.ge
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close