შოთა არველაძე ინგლისური „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა – გავიხსენოთ ქართველი ფორვარდის სუპერგოლი (ვიდეო)
ინგლისის პრემიერშიფის „ჰალ სიტიმ“ თავის ოფიციალურ გვერდზე დაადასტურა, რომ შოთა არველაძე კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა – ქართველმა მწვრთნელმა კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ჰალ სიტი“ სიამოვნებით აცხადებს, რომ კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელად 2.5-წლიანი კონტრაქტით შოთა არველაძე დაინიშნა. 48 წლის სპეციალისტმა სამი სხვადასხვა ქვეყნის 5 კლუბში 300-ზე მეტი თამაში ჩაატარა და 50%-ზე მეტი მოიგო.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა“, – ეს იყო შოთა არველაძის პირველი სიტყვები, როდესაც „ჰალ სიტიში“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა.
„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი „ჰალ სიტის“. მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ აკუნ ილაჯალის მხარდაჭერისთვის. ეს არის ის, რაც უკვე დიდი ხანია ჩემი კარიერული მიზნების სიაში იყო – ეს არის ნაბიჯი, რომელიც, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში.
ჩვენი ამბიცია, რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერსპექტივაში წინსვლაა. უნდა შევქმნათ გუნდი, რომელსაც შეუძლია პრემიერლიგაში დაბრუნება. გვინდა ავაშენოთ გუნდი, რომლითაც გულშემატკივრები იამაყებენ.
მჯერა, რომ ყველას, ვინც ფეხბურთში მუშაობს, სურს ინგლისში ყოფნა და მე, უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემი ოჯახი ამაყობს ჩემით. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა ვაჩვენო, რომ ამ კლუბს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ამ ბიჭებთან ერთად, ხარისხი გაზარდოს იმ ახალგაზრდა ტალანტებით, რომლებიც ჩვენ გვყავს.
ჩვენ რაღაც ნაწილში ვართ ძალიან კრეატიულები, ნიჭიერები, ნაწილი – გამოცდილია და ეს კარგი ნაზავია. ძალიან კარგია, რომ „სუონსი სიტისთან“ თამაში მალე გაიმართება. მოუთმენლად ველი გულშემატკივრებთან შეხვედრას. ვეცდებით ვაჩვენოთ მართლაც კარგი და შემტევი ფეხბურთი.
მთავარი მიზანი ყოველთვის გამარჯვება იქნება. ხალხი უნდა მოვიდეს და უგულშემატკივრონ იმ კლუბს და ბიჭებს, რომელიც უყვართ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები და მათ სიამოვნებით ვუყურებთ. მოდით ეს ერთად გავაკეთოთ, ერთად ვიხალისოთ და ერთად გავიმარჯვოთ“.
შოთა არველაძის ბოლო მენეჯერული პოსტი 2017 წლიდან 2020 წლამდე უზბეკეთში ტაშკენტის „ფახთაქორი“ იყო, სადაც ის დაინიშნა მფლობელთა ჯგუფის მიერ, რომლებიც ასევე „ევერტონს“ განკარგავენ. სამი წლის განმავლობაში არველაძემ მოიგო ხუთი თასი, მათ შორის, ორი უზბეკეთის სუპერლიგის ტიტული და გავიდა აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
მან ასევე იმუშავა თურქეთში „კაისერში“, „ქასიმფასაში“ და „ტრაბზონში“, ისრაელში თელ-ავივის „მაკაბიში“ და მუშაობდა ნიდერლანდელ ლუი ვან გაალთან, რონალდ კუმანთან და დიკ ადვოკატთან ერთად.
არის საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (61 მატჩში 26 გოლით). ყოფილმა თავდამსხმელმა 300-ზე მეტი გოლი გაიტანა და 18-წლიანი გამორჩეული სათამაშო კარიერის განმავლობაში 18 დიდი ჯილდო მოიპოვა. მან მოიგო ჩემპიონის ტიტულები შოტლანდიაში „რეინჯერსში“, ნიდერლანდებში „აიაქსში“ და სამშობლოში თბილისის „დინამოში“. სამჯერ დასახელდა წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.
1tv.ge
შოთა არველაძის სუპერგოლი
ზუსტად 15 წლის წინ, 2007 წლის 27 იანვარს შოთა არველაძემ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. ქართველი ფორვარდი, რომელიც იმ დროს „აზ ალკმაარში“ თამაშობდა, როტერდამის „სპარტას“ ხვდებოდა. ამ მატჩში შოთამ თავი ულამაზესი გოლით გამოიჩინა.
კომენტარები