მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

უცნაური შემთხვევა: გარდაცვლილი თავად გამოცხადდა პენსიის ასაღებად

გარდაცვლილი ადამიანის პენსიის აღების შესახებ გვსმენია, როდესაც ნათესავები მალავენ გარდაცვალების ფაქტს და სახელმწიფოს და საპენსიო ფონდებს ფულს სცინცლავენ, მაგრამ გარდაცვლილი თავად მისულიყოს თავისი პენსიის ასაღებად – ეს ნამდვილად რაღაც ახალია. 

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ასეთი უცნაური ინციდენტი მოხდა ორშაბათს ირლანდიაში, დუბლინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ კარლოუს საფოსტო განყოფილებაში, რომელმაც სამართალდამცველთა ყურადღება მიიპყრო.

2 ეჭვმიტანილი მამაკაცი ირწმუნება, რომ ავადმყოფი ნათესავი მიიყვანეს საფოსტო განყოფილებაში, რათა მას პენსია აეღო, მაგრამ, მათი მტკიცებით, იგი საფოსტო განყოფილებაში გარდაიცვალა ისე, რომ ფულის აღება ვერ მოასწრო.

კარლოუს მერმა, ბატონმა მურნეინმა ამოიცნო გარდაცვლილი – მისი თქმით, ის იყო პენსიონერი მხატვარი პიდერ დოილი, ქალაქში ყველასათვის ცნობილი და საყვარელი პიროვნება და რომ ადგილობრივები გაოგნებულები არიან მომხდარის გამო.

ეჭვმიტანილი მამაკაცების სიტყვებს მოწმეები უარყოფენ. მათი მტკიცებით, ეჭვმიტანილებს უნდოდათ ავადმყოფის ფული მიეღოთ, ისინი მანამდე ბატონი დოილის გარეშე მივიდნენ საფოსტო განყოფილებაში და განაცხადეს, რომ დოილი ავადაა, ამიტომ მის მაგივრად ცდილობდნენ მისი პენსიის აღებას, თუმცა მათ უთხრეს, რომ პენსიის აღებას ბატონი დოილი მხოლოდ ადგილზე მისვლის შედეგად შეძლებდა. ამის შემდეგ მათ მხატვარი მიიყვანეს ფოსტაში, თუმცა უცნობია, იგი ცოცხალი იყო თუ უკვე გარდაცვლილი.

ისინი მომხდარს ასე აღწერენ:

„ჩვენ მოგვიხდა, რომ იგი ფოსტაში მიგვეყვანა, მაგრამ მან ფულის აღება ვერ მოასწრო. ვფიქრობთ, იგი ნაყინის მაცივრის გვერდით წაიქცა და გარდაიცვალა“.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ 66 წლის მამაკაცის ძალადობრივი სიკვდილი გამორიცხა. პოლიციამ ორი მამაკაცი დაკითხა და გაათავისუფლა. ახლა სამართალდამცველებს მოუწევთ, ეს უცნაური საქმე გამოიძიონ და გაარკვიონ, ცოცხალი იყო თუ არა გარდაცვლილი, როდესაც ის 2-მა ნათესავმა საფოსტო განყოფილებაში მიიყვანა, თუ საქმე გვაქვს ფულზე მონადირე ხარბი ნათესავების ბანალურ თაღლითობასთან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close