ემიგრანტი მომღერლის შეხვედრა შვილებთან რვაწლიანი განშორების შემდეგ (ვიდეო)
„გული ისე მიძგერდა, ვფიქრობდი, ნეტავ, გული არ გამისკდებოდეს და შვილებამდე ცოცხალი მივაღწევდე-მეთქი“
ჯგუფ „სეიშენის“ წევრი ზაზა ბანძელაძე 8 წელია აშშ-ში ცხოვრობს. მას შვილები ამ ხნის განმავლობაში საქართველოში ჰყავდა დატოვებული და თავად ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. როგორც იქნა, ეს დღეც დადგა და მან შვილებთან ჩამოსვლა და მათთან შეხვედრა მოახერხა.
ზაზას ვიდეოს, რომელიც აეროპორტში მისი შვილებთან შეხვედრას ასახავს, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და გამთლიანებულ ოჯახს დადებითი ემოციები გაუგზავნა.
ზაზა ბანძელაძე ამ დღეს ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს:
„წლებია, ამ მომენტს ველოდები. დეკემბრის ბოლოს საბუთები უკვე მოწესრიგებული მქონდა და დაბრუნება შესაძლებელი გახდა, მაგრამ ამერიკაში კონცერტები მქონდა დაგეგმილი. საქართველოდან ნუცა ბუზალაძე, ვახო ბიჭიკაშვილი და ნიკა არაბიძე მყავდა ჩაყვანილი, ყველაფერი დაანონსებული მქონდა და წამოსვლა ვერ შევძელი, თორემ მივიღე თუ არა საბუთები, ერთი სული მქონდა, წამოვსულიყავი. მე და ნიკუშა ერთად გამოვფრინდით. თვითმფრინავში რომ ავედი, ნახევარ საათში დადგა ჩემი დაბადების დღე და ჩამოფრენამდე ნახევარი საათით ადრე დამთავრდა… დაბადების დღე რვა წლის უნახავი შვილებისკენ მომავალ გზაზე გავატარე. ერთი სული მქონდა, როდის დაეშვებოდა თვითმფრინავი და ბავშვებს შევხვდებოდი. აეროპორტში რომ მეგობრები მელოდნენ, ესეც ვიცოდი. როცა კარი გაიღო, გული ისე მიძგერდა, ვფიქრობდი, ნეტავ, გული არ გამისკდებოდეს და შვილებამდე ცოცხალი მივაღწევდე-მეთქი. ასეთი ემოცია თუ არსებობდა, არ მეგონა, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი…“
fortuna.ge
კომენტარები