მსოფლიომიგრაცია

რატომ ებრძვის ევროკავშირი „ოქროს პასპორტებს“ და რომელ ქვეყანას უჩერებს უვიზო მიმოსვლას

ევროკავშირმა პირველად არსებობის ისტორიაში გადაწყვიტა დასაჯოს ქვეყანა პასპორტებით ვაჭრობისთვის, რომელიც ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლებას იძლევა. პირველი მსხვერპლი, სავარაუდოდ, პატარა კუნძული-სახელმწიფო ვანუატუ იქნება, თუმცა ევროპა ყურადღებით დააკვირდება სხვა სქემებსაც, რომლებიც „ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭებას“ გულისხმობს.

„ოქროს პასპორტების“ ბაზარი წელიწადში 25 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამა თუ იმ ფორმით საკუთარი მოქალაქეობით მსოფლიოს ყოველი მეორე ქვეყანა ვაჭრობს. თუ ევროპაში პასპორტის ღირებულება ნახევარი მილიონი დოლარიდან იწყება და თითქმის ყოველთვის იქ ცხოვრებას და ფულის წარმომავლობის შემოწმებას ითვალისწინებს, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე შესაძლოა 100–150 ათასი დოლარი იყოს საკმარისი, თანაც სწრაფად და ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე.

დასავლეთი შეშფოთებულია იმით, რომ მსგავსი სქემები ხელს აძლევს ბოროტმოქმედებს და გამოიყენება მათ შორის გადასახადებისგან თავის არიდებისთვისაც. არადა, შენგენის შეთანხმებით სამ ათეულ ქვეყანას შორის, ფაქტობრივად, წაშლილია საზღვრები და ეს არის ყველაზე მსხვილი და მდიდარი პოლიტიკური კავშირი პლანეტაზე, ნახევარმილიარდიანი მოსახლეობით. ამ  სივრცეში ასეთი მაქინაციებით შეღწევა ევროპისთვის მიუღებელია.

ევროკავშირმა „ოქროს პასპორტებს“ ბრძოლა ჯერ კიდევ 2019 წელს გამოუცხადა.

„ზოგიერთი ქვეყანა მიზანმიმართულად არეკლამებს საკუთარ მოქალაქეობას, როგორც  ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საშუალებას. ხშირად ამით უვიზო ქვეყნების მდიდარი მოქალაქეები სარგებლობენ, რათა გვერდი აუარონ მოთხოვნებსა და შემოწმებებს, რომელსაც შენგენის შეთანხმება ითვალისწინებს, რომელთაგან ნაწილი სწორედ  ფულის გათეთრების და ფინანსური ტერორიზმის აღსაკვეთად არის შემოღებული“, – ნათქვამია ევროკავშირის საპროგრამო დოკუმენტში.

ევროკავშირი სასამართლო დავას თავისივე  წევრებთან – მალტასა და კვიპროსთანაც კი აწარმოებს და მათგან ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პირობების გამკაცრებას მოითხოვს. მესამე ქვეყნებთან კი სულაც არ აპირებს ზედმეტ თავშეკავებას და მზად არის, მათ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტით დაემუქროს.

2019 წელს ევროკომისიამ კონტროლზე აიყვანა საინვესტიციო სქემები მოლდოვაში, ჩერნოგორიასა და ალბანეთში, ასევე პირობა დადო, რომ გააკონტროლებს, ხომ არ მოიფიქრებენ მსგავს სქემებს საქართველოს და უკრაინის მსგავსი უვიზო ქვეყნები. მოლდოვამ სასწრაფოდ გააუქმა საკუთარი პროგრამა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი იყო.

თუმცა დღემდე არცერთხელ ევროკავშირს უკიდურესი ზომა – უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ გამოუყენებია. ახლა კი გადაწყვიტა საჩვენებელი დასჯა მოაწყოს და, პირველ რიგში, წყნარ ოკეანეში, სადღაც ავსტრალიასა და ფიჯის შორის ჩაკარგულ არქიპელაგს მიადგა.

ვანუატუს პასპორტი მსოფლიოს 130 ქვეყნის საზღვრის გადასაკვეთად არის ვარგისი და 130 ათასი დოლარი ღირს. მის მისაღებად სადმე წასვლაც კი არ გჭირდებათ. შეიძლება ყველაფერი დისტანციურად, რეკორდულად მოკლე დროში გააკეთოთ. უარის მიღების შანსი მინიმალურია: ბოლო რვა წლის განმავლობაში ვანუატუს მოქალაქე 10 500 ინვესტორი გახდა, უარი კი მხოლოდ ერთს უთხრეს.

ამან ევროკომისიის უკმაყოფილება გამოიწვია და ქვეყნის ხელისუფლებისგან განმარტებები მოითხოვა. ევროპელებმა მას საკუთარი ეჭვები გაუზიარეს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირთან უვიზო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ვანუატუს მოქალაქეების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, ახალგამომცხვარ კუნძულელ ინვესტორებს შორის კი ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც ინტერპოლის საერთაშორისო ძებნილთა სიაში არიან, ასევე საეჭვო პერსონაჟები სირიიდან, იემენიდან, ირანიდან და ავღანეთიდან.

სქემისადმი ყურადღება გასული წლის ივლისში   ბრიტანული „გარდიანის“ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოიწვია. ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა, თუმცა მას ვანუატუსთან უვიზო შეთანხმება აქვს.

გააგრძელე კითხვა აქ: newsreport.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close