ჯანმრთელობარჩევები

კაკაოს ცხიმი – უებარი საშუალება ხველის წინააღმდეგ

თუ ხველამ შეგაწუხათ, მიიღეთ კაკაოს ცხიმი – ხალხური მედიცინის ნაცადი და მართლაც უებარი საშუალება – და პრობლემას მალე მოაგვარებთ. კაკაოს ნატურალური ცხიმი შეგიძლიათ აფთიაქებში ან შესაბამის სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძინოთ.

კაკაოს ცხიმი ბუნებრივი პროდუქტია, მყარი კონსისტენციის, კრემისფერი ან ოდნავ მოყვითალო. მას კაკაოს მარცვლებისგან ამზადებენ. აქვს სასიამოვნო გემო და შოკოლადის სუნი.

კაკაოს ცხიმს ძალზე წარმატებით იყენებენ ხალხურ მედიცინაში გაციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. კაკაოს ცხიმი მსუბუქად ეკვრის ყელის ლორწოვან გარსს, ხსნის გაღიზიანებას, აქრობს ანთებას, აამებს ტკივილს, არბილებს მშრალ ხველას და ხელს უწყობს ბრონქების ნახველისგან გათავისუფლებას.

კაკაოს ცხიმი მდიდარია С, Е, А ვიტამინებით, კოფეინით, ტრიგლიცერიდებით, ლაურინის, პალმიტინის, ოლეინის მჟავებით, მინერალური და სათრიმლავი ნივთიერებებით – სწორედ ეს განაპირობებს ამ ბუნებრივი პროდუქტის უამრავ მაკურნებელ თვისებას. კაკაოს ცხიმს აქვს მძლავრი სამკურნალო ეფექტი ბრონქებისა და ფილტვების სისტემის დაავადებების სამკურნალოდ, დამარბილებელი, ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და იმუნიომასტიმულირებელი მოქმედება, აშუშებს დაზიანებულ ქსოვილებს.

გამოყენების წესი

ბრონქიტისა და გაციების დროს შეგიძლიათ მიიღოთ კაკაოს ცხიმი როგორც სუფთა სახით, ისე სხვა კომპონენტებთან ერთად. ცხვირის ლორწოვან გარსზე კაკაოს ცხიმის შეზელა შესანიშნავი საშუალებაა გაციების პროფილაქტიკისთვის; ეს მეთოდი უკვე დაავადების დროსაც კარგად მუშაობს, რადგან კაკაოს ცხიმი კლავს ბაქტერიებს და ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

კაკაოს ცხიმი სასარგებლოა შიგნით მისაღებად:

ბუნებრივი სახით – თუ სასმლის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, კაკაოს ცხიმის პატარა ნაჭერი (მუხუდოს მარცვლისხელა) პირში ჩაიდეთ და კანფეტივით გაწუწნეთ – შეგიძლიათ დღეში 6-ჯერ გაიმეოროთ. კარგად მოქმედებს მშრალი ხველის, ყელის ტკივილისა და ყელის ქავილის დროს. 

რძესა და თაფლთან ერთად – საუკეთესო ვარიანტია ყელის ტკივილის, ყელის სიწითლის მოსახსნელად, ხველის შესამსუბუქებლად. 200 მლ თბილ რძეში მოათავსეთ 0,5-1 ჩაის კოვზი კაკაოს ცხიმი და გაადნეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ 1-2 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ. დალიეთ თბილი სახით 3-4-ჯერ დღის განმავლობაში.

შეგიძლიათ 1,5 ჩაის კოვზი კაკაოს ცხიმი გაადნოთ ერთ ჭიქა ცხელ რძეში, თაფლის გარეშე. ანალოგიურად გამოიყენეთ. ასეთი საშუალება შესანიშნავად გვეხმარება ბრონქიტისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს, აგრეთვე, ასთმისა და პნევმონიის დროსაც.

პროპოლისთან ერთადეფექტიანი ამოსახველებელი, გაციების საწინააღმდეგო საშუალებაა. გაადნეთ კაკაოს ცხიმი წყლის აბაზანაზე, შეურიეთ დაქუცმაცებულ პროპოლისს (პროპორციით 10:1) და გამუდმებით ურიეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და ისევ ურიეთ, სანამ არ გაცივდება და გამაგრდება. მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი ჭამამდე ერთი საათით ადრე არაუმეტეს 3-ჯერ დღეში. ამ ნარევის მიღება რეკომენდებულია პნევმონიის, ტუბერკულოზის და ანგინების დროს.

კაკაოს ცხიმს იღებენ ათეროსკლეროზის დროსაც – ნახევარ ჩაის კოვზს საუზმემდე და ვახშმამდე 15 წუთით ადრე. პროდუქტი ხელს უწყობს „ცუდი“ ქოლესტერინის  გამოდევნას და არ აძლევს მას საშუალებას, სისხლძარღვების კედლებზე დაილექოს.

შოკოლადთან ერთადგემრიელი სამკურნალო საშუალებაა ბავშვებისთვის, ასუსტებს ხველას და ყელის ტკივილს აამებს. წყლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადის ფილის 1/4 და 2 ჩაის კოვზი კაკაოს ცხიმი, აურიეთ 2 ჭიქა ცხელ რძეში. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი 4-6-ჯერ დღეში.

მაჩვის ქონთან ერთად – ხალხურ მედიცინაში ცნობილი ეს მეთოდი ძალზე ეფექტიანია ძლიერი ხველისა და ბრონქიტის სამკურნალოდ. წყლის აბაზანაზე უნდა გაადნოთ 2 ჩაის კოვზი კაკაოს ცხიმი, დაუმატოთ ამდენივე მაჩვის ქონი და მოურიოთ. დაელოდეთ, სანამ არ გამაგრდება. უნდა მიიღოთ 0,5-1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

კაკაოს ცხიმის გამოყენება გარეგანადაც ეფექტიანია

უნდა გაადნოთ ცოტაოდენი კაკაოს ცხიმი და მკერდზე შეიზილოთ, ფილტვების მიდამოებში. შემდეგ აკეთებთ მასაჟს, რაც ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციის გაძლიერებას ქსოვილებში და აჩქარებს პათოგენური მიკროორგანიზმების გამოდევნას, რის შედეგადაც ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება და იგი უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდება.

არანაკლებ ეფექტიანია ხველებისა და გაციების დროს ინჰალაციები  (თუმცა დღეისათვის ინჰალაციების გაკეთება საფრთხილოა, რადგან კორონავირუსული ინფექციის დროს ინჰალაციები არ არის რეკომენდებული. თუ 100%-ით არ ხართ დარწმუნებული, რომ კორონავირუსით ინფიცირებასთან არ გაქვთ საქმე, ინჰალაციების გაკეთებას არ გირჩევთ): გამოიყენეთ წყლის აბაზანაზე გამდნარი კაკაოს ცხიმი და ჩაის ხის ზეთი (შეგიძლიათ ჩაის ხის ზეთის ნაცვლად ლავანდის, ბერგამოტის ან ევკალიპტის ზეთი იხმაროთ). თითოეული საშუალება რამდენიმე წვეთი დაუმატეთ ცხელ წყალს და ავადმყოფს ასუნთქეთ თბილი ანაორთქლი 10 წუთის განმავლობაში. მისი მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კაკაოს ცხიმი ხველების სამკურნალოდ გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე მრავალი ქიმიური მედიკამენტი: მასში შედის თეობრომინი, ამიტომ მოქმედებს რბილად, ამასთანავე, სწრაფად და არ იწვევს გვერდით მოვლენებს, როგორც ეს ხდება სინთეტიკური მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.

რაც შეეხება კაკაოს ცხიმის უკუჩვენებებს:

მისი გამოყენება შიგნით მისაღებად ან გარეგანად გამოსაყენებლად დაუშვებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა გაქვთ. ამასთანავე, უნდა იცოდეთ, რომ კაკაოს ცხიმის მიღებამ შესაძლებელია გაიზარდოს აღგზნებადობა და უძილობა გამოიწვიოს, ამიტომ ამ პროდუქტის მიღება საღამოს არ არის რეკომენდებული.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close