2021 წელს საქართველოში დღეში საშუალოდ 123 ბავშვი იბადებოდა და 160 ადამიანი კვდებოდა – საგანგაშო სტატისტიკა
2021 წლის განმავლობაში საქართველოში დღეში საშუალოდ 123 ბავშვი იბადებოდა, მაგრამ გარდაცვლილთა რაოდენობა ამაზე გაცილებით მეტი იყო – დღეში 160 ადამიანი. ასეთი მკვეთრი დისბალანსი გარდაცვლილებსა და დაბადებულებს შორის საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არ ყოფილა.
BMG-მ გასული წლის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა დაბადებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა. თავის მხრივ, სამინისტრო სტატისტიკის მომზადება NCDC-ს დაავალა – 11 თვის მონაცემებით, შარშან იანვარ-ნოემბერში 53 444 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 1994 წლიდან მოყოლებული ნებისმიერი სრული წლის სიკვდილიანობის სტატისტიკაზე გაცილებით მეტია. უშუალოდ კორონავირუსმა გასული წლის განმავლობაში 11 295 ადამიანი იმსხვერპლა. შედარებისთვის, 2020 წელს ვირუსმა 2 505 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
შობადობის კლება:
2021 წელს საქართველოში შემცირდა შობადობა, 2021 წლის 11 თვეში სულ 41 043 ბავშვი დაიბადა. თუკი დავუშვებთ, რომ დეკემბერშიც დაახლოებით იმდენი ბავშვი დაიბადა, რამდენიც ნოემბერში, მაშინ გამოდის, რომ ჯამურად 2021 წელს ქვეყანაში 44 832 ბავშვი დაიბადა, ეს კი სტატისტიკის აღრიცხვის დაწყების (1994 წლის) შემდეგ შობადობის ყველაზე მცირე რაოდენობაა. გასული 11 თვეში საქართველოს ბუნებრივი მატება მინუს 12 401 იყო, რაც ასევე რეკორდულად ცუდი მაჩვენებელია.
2021 წლის ჯამური სიკვდილიანობა:
შესაძლებელია 2021 წლის სრული სიკვდილიანობის სტატისტიკის მაღალი სიზუსტით დათვლაც. მხოლოდ დეკემბერში COVID-19-მა 1746 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო პანდემიის დაწყებამდე დეკემბერში საშუალოდ 4098 ადამიანი იღუპებოდა. ამ ორი სიმრავლის ჯამით გამოდის, რომ გასული წლის ბოლო თვეში 5,844 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მთელი 2021 წლის განმავლობაში კი საქართველოში 59000-ზე მეტი (59288 ადამიანი) გარდაიცვალა. ამ დაშვებით, გასულ წელს ბუნებრივი მატება მინუს -14 456 იყო.
რამდენი ადამიანი იბადებოდა და იღუპებოდა წინა წლებში ყოველდღიურად:
2018 წელი – დღეში იბადებოდა 140 ადამიანი; იღუპებოდა 127 ადამიანი;
2019 წელი – დღეში იბადებოდა 132 ადამიანი; იღუპებოდა 128 ადამიანი;
2020 წელი – დღეში იბადებოდა 127 ადამიანი; იღუპებოდა 138 ადამიანი;
2021 წელი 11 თვე (ფაქტი) – დღეში იბადებოდა 123 ბავშვი; იღუპებოდა 160 ადამიანი;
2021 წელი 12 თვე (დაშვება) – დღეში იბადებოდა 123 ადამიანი; იღუპებოდა 163 ადამიანი;
NCDC-ს ხელმძღვანელი დემოგრაფიულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს.
გააგრძელე კითხვა აქ: 2021 წელს საქართველოში
კომენტარები