კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიური და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც „დელტასა“ და „ომიკრონის“ ე. წ. ჰიბრიდს წარმოადგენს. ამის შესახებ მედია იუწყება.
ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პროფესორ ლეონტიოს კოსტრიკისის თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი 25 პაციენტის ბიოლოგიურ მასალაში გამოვლინდა. თანაც 25-იდან მხოლოდ 11 სინჯი იყო აღებული კოვიდ-19-ის სიმპტომების მქონე პაციენტებისგან (მათ სავადმყოფოში მოთავსება დასჭირდათ), დანარჩენ 14-ს კი არანაირი სიმპტომი არ ჰქონია.
როგორც კოსტრიკისი განმარტავს, ჰიბრიდული ვარიანტის გენეტიკური საფუძველი „დელტა“ ვარიანტის მსგავსია, თუმცა მისი რამდენიმე მუტაცია ჯერჯერობით მხოლოდ „ომიკრონში“ იყო გამოვლენილი. მისივე თქმით, „ომიკრონს“ 30 მუტაცია აქვს და 10 კვიპროსში აღებულ სინჯებში გამოვლინდა.
კვიპროსელი ვირუსოლოგი ვარაუდობს, რომ მსგავსი ჰიბრიდული ვარიანტები შესაძლოა მსოფლიოს სხვა ლაბორატორიებში ჯერჯერობით არ გამოვლენილა, ამიტომ მათი აღმოჩენა გლობალური ინტერესის საგანი იქნება. კვლევის შედეგები უკვე გაგზავნილია მონაცემთა ერთიან საერთაშორისო ბაზაში GISAID და ისინი მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებებისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
პროფესორ კოსტრიკისი მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი „დელტაკრონის“ ინფექციურობის ხარისხსა და იმაზე, რომ შესაძლოა მან „ომიკრონი“ ჩაანაცვლოს. ზოგიერთი სპეციალისტი პირიქით ფიქრობს, რომ „ომიკრონი“ მას გამოდევნის. კვიპროსის ჯანდაცვის მინისტრის, მიხალის ხაჯიპანდელასის აზრით კი, სავარაუდოდ, ახალი ვარიანტი დიდი შეშფოთების საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან ის წარმოადგენს ორი ვარიანტის ჰიბრიდს, რომლებიც უკვე არსებობენ.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები