ბრიტანელი მამაკაცის საქმეს, რომელიც შობის დღესასწაულზე უინძორის სასახლის ტერიტორიაზე შეიპარა დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეთ მეორის მოკვლის მიზნით, სკოტლანდ იარდი იძიებს. საქმეში დევს, ასევე, ვიდეო, სადაც ჩანს არბალეტით შეიარაღებული ნიღბოსანი, რომელიც იმუქრება, რომ დედოფალს მოკლავს. ვიდეოს გამოცემა Sun-ი აქვეყნებს.
19 წლის ჯასვანთ სინგჰ ჩეილი (Jaswant Singh Chail) პოლიციამ სამეფო რეზიდენციის ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მან თავის ხელმომწერებს Snapchat-ის მეშვეობით ზემოხსენებული ვიდეო გაუგზავნა. ვარაუდობდნენ, რომ ვიდეოში თავად ჩეილი ჩანს, რაც პოლიციამაც დაადასტურა.
ვიდეოზე ჰუდიში ჩაცმული, არბალეტით შეიარაღებული ნიღბიანი პირი ამბობს, რომ დედოფალზე შურს იძიებს ინდოეთში 1919 წლის 13 აპრილს „ჯალიანვალა ბაგჰის ხოცვა-ჟლეტის გამო“ (Jallianwala Bagh massacre), როდესაც ბრიტანელი კოლონიზატორების ჯარმა ჩრდილოეთ ინდოეთში, პენჯაბის შტატის ქალაქ ამრიტსარში ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიან დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნა. პარტია „ინდოეთის ეროვნული კონგრესის“ ინფორმაციით, მაშინ 1000-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვები, 1500-მდე დემონსტრანტი კი დაიჭრა.
გასულ შაბათს, შობას, დილით, ადგილობრივი დროით 08:30 სთ-ზე უინძორის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც დედოფალი ელიზაბეთ II დღესასწაულს აღნიშნავდა, პოლიციამ 19 წლის მამაკაცი დააკავა არბალეტით ხელში.
Sunday Mirror-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი მაშინვე დააკავეს, როგორც კი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სათვალთვალო ვიდეოკამერების მონიტორზე საეჭვო ფიგურა შენიშნეს. მამაკაცმა შენობაში შეღწევა ვერ მოასწრო. დედოფალი მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს.
ჯასვანთ ჩეილისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. მისი ფსიქიკური მდგომარეობა შეფასდა და იგი იძულებით მოათავსეს საავადმყოფოში, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები