მნიშვნელოვანი ინფორმაცია – გერმანიაში შესვლის შეცვლილი წესები
გერმანიაში შესვლის შეცვლილ წესებთან დაკავშირებით გერმანიის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.
„23 დეკემბრიდან გერმანიაში შესასვლელად პირები ექვსი წლის ასაკიდან ვალდებულები არიან, თან იქონიონ კოვიდ საბუთი.
პირებმა ექვსი წლის ასაკიდან გერმანიაში შესვლისას უნდა წარადგინონ ტესტის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან აცრის დამადასტურებელი საბუთი. ტესტი (ანტიგენის ან PCR) ძირითადად ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში (დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.
აღნიშნულისგან განსხვავებით სატრანსპორტო კომპანიის (მაგ., ავიაკომპანიის) მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაში PCR ტესტი ჩატარებული უნდა იყოს (დაგეგმილი) გამგზავრების დაწყების მომენტამდე (მაგ. თვითმფრინავის აფრენამდე) მაქსიმუმ 48 საათით ადრე. ანტიგენის ტესტი სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაშიც ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში (დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.
კოვიდ საბუთის ვალდებულება, ასევე, ვრცელდება თვითმფრინავის იმ მგზავრებზე, რომლებიც მხოლოდ ტრანზიტის მიზნით ჩადიან გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში. ეს ეხება ტრანზიტულ მგზავრობას როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ან ამ ქვეყნებში, ასევე, შენგენის ქვეყნებიდან ან შენგენის ქვეყნებში.
ვირუსის ვარიანტის ქვეყნებიდან გერმანიაში შესვლის შემთხვევაში აუცილებელია PCR ტესტის საბუთის წარდგენა. ამ შემთხვევაში არ არის საკმარისი ანტიგენის სწრაფი ტესტის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა.
სატრანსპორტო კომპანიის (მაგ., ავიაკომპანიის) მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაში PCR ტესტი ჩატარებული უნდა იყოს (დაგეგმილი) გამგზავრების დაწყების მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე. გარდა ამისა, გერმანიის უწყებებმა შეიძლება დამატებით მოითხოვონ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის შემდეგ PCR ტესტის ჩატარება ჩასვლის ადგილზე (მაგ. აეროპორტში)“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები