ისტორიაკრიმინალი

უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე გამოძიებისას აღმოჩენილია დავით აღმაშენებლის პერიოდის ორიგინალი მონეტა – სუსი

ნაპოვნი მონეტა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მისი საბაზრო ღირებულება შეუფასებელია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ისტორიული არტეფაქტი – საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა. 

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ მონეტის ავთენტიკურობა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზითაც დადასტურდა.

„ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი. მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება  შეუფასებელია“, – განაცხადეს სუს-ში.

მათივე განმარტებით, აღმოჩენილი მონეტა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების ნივთმტკიცებაა, თუმცა განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის გამო ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა, „რათა მსოფლიოს მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს საქართველოში პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტი“.

როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ასევე, ამოღებულია, ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია. ამოღებულ არტეფაქტებს შორის არის 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, ექვსი ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასხვა პერიოდის მონეტები, რომელთაგან სამი საბჭოთა პერიოდისაა (XX ს.), სამი მონეტა კი XIII საუკუნით თარიღდება.

აღსანიშნავია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ, მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით – „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“, ასევე, სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი. აღნიშნული არტეფაქტები, ასევე, გადაეცემა ეროვნულ მუზეუმს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close