fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

„ომიკრონის“ გავრცელების გამო ნიდერლანდებში ლოქდაუნი ​დაწესდა

ამსტერდამში შობამდე „ომიკრონი“ დომინანტური ვარიანტი იქნება

 კორონავირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე ნიდერლანდების მთავრობამ მორიგი საყოველთაო ლოქდაუნი გამოაცხადა. კვირიდან, 19 დეკემბრიდან 14 იანვრამდე ნიდერლანდების სამეფოში დაკეტილი იქნება ყველა მაღაზია, გარდა პირველადი საჭიროების პროდუქციის მაღაზიებისა, რესტორნები, ბარები, კინოთეატრები, მუზეუმები, თეატრები, საპარიკმახეროები, სპორტული და გასართობი დაწესებულებები, – ამის შესახებ ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ განაცხადა

შეზღუდვები არ გავრცელდება ბენზინგასამართ სადგურებზე, ავტოსკოლებსა და ბიბლიოთეკებზე.

სკოლები 9 იანვრამდე არ გაიხსნება. ამას გარდა, მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას მოუწოდა, სახლში ერთდროულად 2 სტუმარზე მეტი არ მიიღონ. შობასა და ახალ წელს შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება – ერთდროულად 4 სტუმრის მიღება.

„ომიკრონი“ დეკემბრის ბოლომდე ყველაზე გავრცელებული ვარიანტი იქნება.

ეპიდემიის მეხუთე ტალღა იწყება და ახალი ლოქდაუნი გარდაუვალია, – განმარტა რიუტემ. მისი სიტყვებით, „ომიკრონ-მუტაცია უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე შიშობდნენ“, ამიტომ აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.

თავის მხრივ, საექსპერტო საბჭოს ხელმძღვანელმა იალ ვან დისელმა განაცხადა, რომ „ომიკრონი“ ჯერ კიდევ წლის ბოლომდე გაუსწრებს „დელტას“  და დომინანტი ვარიანტი იქნება ნიდერლანდებში; ამსტერდამში ეს შობამდე მოხდება.

ამ დროისთვის ქვეყანაში მოქმედებს საღამოს ლოქდაუნი 17 საათიდან. ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ბოლო პერიოდში მცირდება, თუმცა არსებობს ჯანდაცვის სისტემის მეტისმეტად დატვირთვის საფრთხე მას შემდეგ, რაც „ომიკრონი“ კორონავირუსის სხვა ვარიანტებს გამოდევნის და დომინანტური გახდება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close