22 ადამიანი, მათ შორის, 11 უცხოელი დაიღუპა სტამბოლში კონტრაფაქციული ალკოჰოლური სასმლით მოწამვლისგან
სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა სტამბოლში, 16 კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული კონტრაფაქციული ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შედეგად. ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია.
სტამბოლის გუბერნატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპულთაგან 11 – უცხოეთის მოქალაქე იყო, ხოლო საავადმყოფოში მოთავსებულთაგან 5-ია უცხოელი. მას უფრო კონკრეტულად არ უსაუბრია მსხვერპლთა ეროვნებაზე.
ამ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-მ ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში მეთილის სპირტითა და ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად თურქეთის 9 პროვინციაში, სტამბოლის ჩათვლით, 26 ადამიანი დაიღუპა.
ახალი წლის დღესასწაულის წინ ხელისუფლებამ გააძლიერა ყალბი სასმელების წინააღმდეგ ბრძოლა მთელ თურქეთში. დაიწყო საერთოეროვნული ოპერაცია ალკოჰოლის უკანონო წარმოების აღკვეთისთვის, დაახლოებით 300 ადგილას ჩატარდა რეიდები და ათასობით ლიტრი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს. დაკავებულია 85 ეჭვმიტანილი (არანაკლებ).
ფალსიფიცირებული ალკოჰოლისგან გარდაცვალება თურქეთში იშვიათობას არ წარმოადგენს, რადგანაც ალკოჰოლურ სასმელებზე მუდმივად მზარდი ფასების გამო ადამიანები ცდილობენ, უფრო იაფფასიანი სასმელი დალიონ სახლში. მზარდმა ინფლაციამ, სახელმწიფო გადასახადებმა და ალკოჰოლის მოხმარების რეგულირებამ ალკოჰოლის ფასი კი რეკორდულ დონემდე გაზარდა.
კომენტარები