ევთანაზიის კაფსულის გამოყენება, რომელსაც სიკვდილის მსურველი ადამიანი თავად ააქტიურებს, უკვე მომავალი წლიდან იქნება შესაძლებელი
შვეიცარიამ ევთანაზიისთვის კაფსულა Sarco-ს გამოყენების ლეგალიზაცია მოახდინა. ამის შესახებ swissinfo წერს.
2020 წელს ევთანაზიის მეშვეობით შვეიცარიაში 1300-მდე ადამიანი დაემშვიდობა სიცოცხლეს. ამ ეტაპზე ევთანაზიისთვის სპეციალურ ხსნარს იყენებენ, რომლის მიღების შემდეგ ადამიანი 2-5 წუთში იძინებს, შემდეგ ღრმა კომაში ვარდება და მალევე კვდება.
Sarco სხვა პრინციპით მუშაობს – კაფსულას თავად ევთანაზიის მსურველი ააქტიურებს.
ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სიცოცხლე აღარ უნდა და კანონი უფლებას აძლევს, მას დაემშვიდობოს, კაფსულაში წვება. მას რამდენიმე შეკითხვას უსვამენ და სათანადო პასუხების მიღების შემთხვევაში უფლება ეძლევა დააჭიროს თითი კაფსულის შიგნით არსებულ ღილაკს, რითაც მოწყობილობას ააქტიურებს. კაფსულას აქვს თხევადი აზოტით სავსე კანისტრა. ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ კაფსულის შიგნით სივრცე სწრაფად ივსება აზოტით და ჟანგბადის კონცენტრაცია ჰაერში 21-იდან 1%-მდე მცირდება.
Sarco-ს შემქმნელი არაკომერციული ორგანიზაცია Exit International-ი ვარაუდობს, რომ ევთანაზიის კაფსულის გამოყენება უკვე 2022 წლიდან იქნება შესაძლებელი. კაფსულის მიტანა ნებისმიერ ადგილას შეიძლება – იქნება ეს სპეციალურად შერჩეული გარე სივრცე, თუ ევთანაზიაში დამხმარე ორგანიზაციის შენობა.
კაფსულა ევთანაზიისთვის, სახელწოდებით „სარკო“ (სარკოფაგიდან) ნიდერლანდებში შექმნა ავსტრალიელმა მეცნიერმა, ევთანაზიის დამცველმა ფილიპ ნიტშკემ, რომელსაც კრიტიკოსებმა „დოქტორი სიკვდილი“ შეარქვეს. უფრო სწორად, მან „სარკო“ 3D პრინტერით დაბეჭდა ევთანაზიის მსურველთათვის იმქვეყნად უშფოთველად და უმტკივნეულოდ გასამგზავრებლად, მხოლოდ ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.
ნინო ხოშტარია
კომენტარები