fbpx
პოლიტიკა

გერმანიის ახალი ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი გახდა

ოთხშაბათს, 8 დეკემბერს გერმანიის ბუნდესტაგმა ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი (Olaf Scholz) აირჩია, რომელიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის (გერ. Bundesrepublik Deutschland) მეცხრე კანცლერია. მას ხმა მისცა 395-მა დეპუტატმა. მოგვიანებით კი ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მას კანცლერად დანიშვნის ოფიციალური სიგელი გადასცა ბელვიუს სასახლეში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე.

გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კონსტიტუციის 63-ე მუხლის თანახმად, ფედერალურ კანცლერს საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ბუნდესტაგი (პარლამენტი) ირჩევს და მას ფედერალური პრეზიდენტი ამტკიცებს. კანდიდატმა დეპუტატთა ხმების უმრავლესობა უნდა მოაგროვოს – არანაკლებ 369 ხმისა. შოლცს მხარი დაუჭირა არა მარტო საკუთარმა – სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, არამედ „მწვანეებმა“ და თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამაც. სწორედ ეს სამი პოლიტიკური ძალა შექმნის გერმანიის ახალ სამთავრობო კოალიციას.

ოლაფ შოლცი კანცლერის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, რაც ნიშნავს, რომ დასრულდა მერკელის ხანა და ქვეყანაში ახალი ერა იწყება.

63 წლის ოლაფ შოლცი გერმანიის რიგით მეცხრე ფედერალური კანცლერია

შოლცი ოსნაბრუკში (ქვემო საქსონია) დაიბადა 1958 წელს, სწავლობდა იურისპრუდენციას, გაიარა ალტერნატიული სამხედრო სამსახური და ადვოკატად მუშაობდა. იგი ორჯერ იყო ბუნდესტაგის დეპუტატი – 1998-2001 და 2002-2011 წლებში. 2007-2009 წლებში მას გერმანიის შრომის მინისტრის პოსტი ეკავა, 2011-2018 წლებში ჰამბურგის პირველი ბურგომისტრი იყო, 2018 წლის მარტიდან კი გერმანიის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ამავდროულად, ვიცე-კანცლერის პოსტი ეკავა.

ამომრჩევლების აზრით, შოლცი კანცლერის პოსტზე ხანგრძლივად არ დარჩება

შოლცს წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საკმაოდ ხშირად აკრიტიკებდნენ ქარიზმის უქონლობის გამო. სოციოლოგიური ინსტიტუტის – YouGov-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გერმანელების თითქმის 2/3 ფიქრობს, რომ შოლცი კანცლერის პოსტს 4 წელზე მეტხანს არ დაიკავებს (მისი წინამორბედისაგან განსხვავებით – ანგელა მერკელი 16 წელზე ცოტა მეტხანს იყო ფედერალური კანცლერი).

8 დეკემბერს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 20 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამი პარტიისგან შემდგარი სამთავრობო კოალიცია შოლცის მეთაურობით ბუნდესტაგის მომავალ არჩევნებამდე დაიშლება. კიდევ 44%-ს მიაჩნია, რომ შოლცი კანცლერის პოსტზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ 4 წელს დაყოფს, თუმცა მას ხელმეორედ აღარ აირჩევენ. გამოკითხულთა მხოლოდ 1,3%-ს სჯერა, რომ შოლცი ისევე ხანგრძლივად იქნება ფედერალური კანცლერი, როგორც მისი წინამორბედი.

ნიკო აბაშიშვილი

„დოიჩე ველეს“ მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close