fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ფრანგმა ალპინისტმა, რომელმაც მონბლანზე განძი იპოვა, თავისი წილი 8 წლის შემდეგ მიიღო

ფრანგმა ალპინისტმა, რომელმაც 8 წლის წინ მონბლანზე, ბოსონის მყინვარზე (le glacier des Bossons) ზურმუხტებით, საფირონებითა და ლალებით სავსე ყუთი იპოვა, განძის ნახევარი მიიღო. ამის შესახებ „ლე ფიგარო“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ალპინისტმა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, ლითონის ყუთი ალპებში, მონბლანის მასივის მყინვარ ბოსონზე 2013 წელს იპოვა. ძვირფასი ქვები პაკეტებში იყო დაფასოებული, წარწერით „დამზადებულია ინდოეთში“, ამიტომ ვარაუდობენ, რომ განძი იმ ინდური ავიალაინერის ერთ-ერთ მგზავრს ეკუთვნოდა, რომელმაც მე-20 საუკუნეში მონბლანზე განიცადა კატასტროფა.

ალპინისტმა ნაპოვნი განძი ქალაქ შამონის პოლიციაში მიიტანა და რადგან განძის მფლობელის ნათესავები ამ დრომდე არ გამოჩენილან, კანონის მიხედვით, ძვირფასი ქვები მპოვნელსა და შამონის მერიას შორის თანაბრად გაიყო. განძის თითოეული ნახევარი 150 ათას ევროდ შეფასდა. შამონის მერმა ერიკ ფურნიემ ალპინისტს მადლობა გადაუხადა კეთილსინდისიერებისთვის და თქვა, რომ „კმაყოფილია, რადგან ეს ამბავი კარგად დასრულდა, პირველ რიგში, განძის მპოვნელისთვის“.

გასულ საუკუნეში მონბლანზე ორმა ინდურმა ლაინერმა განიცადა კატასტროფა. 1966 წელს მომხდარი კატასტროფის შედეგად 117 ადამიანი დაიღუპა – ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი Boeing 707, რომელიც ბომბეიდან (მუმბაი) ნიუ-იორკში მიფრინავდა, მყინვარს შეეჯახა თითქმის 4750 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. საფრანგეთში ვარაუდობენ, რომ ძვირფასი ქვები სწორედ ამ ლაინერის მგზავრს ეკუთვნოდა. ამავე მყინვარს შეეჯახა 15 წლით ადრე, 1950 წლის 3 ნოემბერს Air India-ს Malabar Princess-ი, რასაც 48 მგზავრი ემსხვერპლა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close