იტალიასაზოგადოება

იტალიაში დღეიდან ძალაში შევიდა ახალი შეზღუდვები – ბოლო 24 საათში რეკორდული რაოდენობის „მწვანე საშვი“ გადმოიწერეს

ახალი რეკორდი დაფიქსირდა იტალიაში 5 დეკემბრის 24 საათში „მწვანე სერტიფიკატების“ გადმოწერის კუთხით – მოქალაქეებმა მთლიანობაში მილიონ 300 ათასზე მეტი (1 310 001)  Green Pass-ი გადმოწერეს, მათ შორის, ჩვეულებრივიც – „საბაზო“ და „გაძლიერებულიც“ (ე. წ. „სუპერ გრინპასი“).

„გაძლიერებული მწვანე სერტიფიკატი“ (რომელიც გაიცემა მხოლოდ კოვისაწინააღმდეგო ვაქცინაციის ან კოვიდისგან გამოჯანმრთელების შემთხვევაში და არ გაიცემა ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, ჩვეულებრივი „მწვანე საშვისგან“ განსხვავებით) დღეს, 6 იანვარს შევიდა ძალაში იტალიის მთელ ტერიტორიაზე და მისი მოქმედება 15 იანვრამდე გაგრძელდება.

სამთავრობო ვებგვერდის მონაცემების თანახმად, გუშინ მოქალაქეებმა გადმოწერეს 968 069 „მწვანე საშვი“ ვაქცინაციის საფუძველზე, 336 563 – ტესტის უარყოფითი პასუხის, ხოლო 5 369 – Covid-ისგან გამოჯანმრთელების საფუძველზე.

ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ დღეს დარღვევებისთვის პირველი ჯარიმებიც გამოიწერა. იტალიის დედაქალაქ რომში  Green pass-ის შემოწმებისას პირველად დააჯარიმეს ავტობუსების და მეტროს მგზავრები. ადგილობრივმა პოლიციელებმა ფლამინიოს მოედანზე (piazzale Flaminio) ავტობუსის გაჩერებაზე 50 წლის მამაკაცი დააჯარიმეს. იგი ის იყო, ავტობუსიდან ჩამოვიდა, რომ პოლიციელებმა „მწვანე საშვი“ მოსთხოვეს. „არ მაქვს, რადგან ამ დღეებში ვაპირებ აცრას“, – განუცხადა მამაკაცმა პოლიციელებს, თუმცა ეს განმარტება ჯარიმის თავიდან ასაცილებლად არ გამოადგა – 50 წლის რუმინელ მამაკაცს ჯარიმის სახით 400 ევრო გამოუწერეს.

მილანში კონტროლი დაიწყო არა მარტო ავტობუსების, მეტროს და ტრამვაის გაჩერებებზე, არამედ სარკინიგზო სადგურებზეც. გაძლიერებული კონტროლი მიმდინარეობდა სხვა ქალაქებშიც.

აღსანიშნავია, რომ აღარც მესინის სრუტეში მგზავრობაა შესაძლებელი „მწვანე საშვის“ გარეშე. ყველა მგზავრს, რომელიც მესინასა და ვილა სან ჯოვანის შორის მგზავრობს, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად „მწვანე საშვი“ მოეთხოვება. მგზავრებმა „გრინპასი“ უკვე ბილეთის ყიდვისას უნდა წარუდგინონ Caronte & Tourist-ის თანამშრომლებს სან ფრანჩესკოს ნავსადგურზე.

„ანსას“ ინფორმაციით, ბევრი მგზავრი იწონებდა ამ სიახლეს, ამბობდნენ, რომ ახლა უფრო მშვიდად იმგზავრებენ, თუმცა უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ის მოქალაქეები, რომლებმაც სიახლის შესახებ არ იცოდნენ და ადგილზე გაიგეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეიდან, 6 დეკემბრიდან იტალიაში ძალაში შევიდა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები. 5 დეკემბრამდე  შეზღუდვები არ ეხებოდა „მწვანე საშვების“ მფლობელებს (აცრილებს, კოვიდგადატანილებს და უარყოფითი ტესტის მფლობელებს). 6 დეკემბრიდან კი შემოვიდა ე. წ. „სუპერ სერტიფიკატები“ („სუპერ გრინპასი“), რომელიც მხოლოდ აცრილებს და კოვიდგადატანილებმა შეუძლიათ მიიღონ. ეს რეგულაცია 15 იანვრამდე გაგრძელდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 15 იანვრის შემდეგაც დატოვებენ ძალაში. Super Green Pass-ის მოქმედების ვადა 9 თვე იქნება.

ამასთან, იტალიაში ისევ გაგრძელდება  „მწვანე საშვის“ გაცემა კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. ასეთი საშვი მის მფლობელს უფლებას აძლევს, ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იაროს სამუშაოზე ოფისში და სასტუმროში დაბინავდეს. ჩვეულებრივი, „საბაზო მწვანე საშვის“ მფლობელებს დღეიდან დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ – მათ შორის, აეკრძალათ რესტორანსა და ბარში, დისკოთეკებზე შესვლა და საჯარო ღონისძიებებზე დასწრება. 

15 დეკემბრიდან იტალიაში კოვიდის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო ხდება სამხედროებისთვის, პოლიციელებისა და ჯანდაცვის სფეროს ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სამედიცინო მუშაკებისთვის კი აუცილებელი იქნება მესამე, ბუსტერული დოზის გაკეთება.

6 დეკემბრის მონაცემებით, იტალიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-19-ით გარდაცვლილია 134 287 ადამიანი, ბოლო 24 საათში ეს მაჩვენებელი 92-ით გაიზარდა. ქვეყანაში მთლიანობაში დადასტურებულია ინფიცირების 5 118 576 შემთხვევა (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით), რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 8,6%-ია. ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 235 835-ს უდრის.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი აცრა 45 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა (იტალიის მოსახლეობის 76%).

16 დეკემბრიდან იტალიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 5-იდან 11 წლამდე ბავშვების აცრა იწყება.

კოვიდ-19-თან ბრძოლის საგანგებო კომისრის, გენერალ ფრანჩესკო პაოლო ფილიუოლოს სამეცნიერო კონსულტანტმა გვიდო რაზიმ Rai3-ზე გამოსვლისას ამ საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  საავადმყოფოს განყოფილებებში იზრდება კოვიდ-19-ის მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევები ბავშვებში. „ამაზე უკვე საუბრობენ პედიატრები“, – თქვა მან.

„ბავშვები სულ უფრო ხშირად ავადდებიან კორონავირუსით და სულ უფრო მეტ შემთხვევაში ამას მძიმე შედეგებამდე მივყავართ“, – განაცხადა 6 დეკემბერს პედიატრების ნაციონალური საზოგადოების მრჩეველმა ელენა ბოცოლამ.

მისი თქმით, მაშინაც კი, როდესაც ბავშვებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შესაძლებელია მძიმე შედეგები მოგვიანებით გამოვლინდეს – „რამდენიმე კვირის შემდეგ განვითარდეს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ან ხანგრძლივი კოვიდი“.

5-იდან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება და მშობლების ნებართვით ჩატარდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close