თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს – რა გახდა მკვლელობის მიზეზი
თბილისში 15 წლის ბიჭი მოკლეს. შემთხვევა სანზონაში, ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მოხდა. დაჭრილი მოზარდი მერვე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, მკვლელობა გოგონას გამო მოხდა, რომელიც მოკლული ბიჭის შეყვარებული იყო.
მოკლულ მოზარდს დათო კ.-ს კონფლიქტი ამ საკითხზე გუშინაც ჰქონდა, დღეს გაგრძელებული გარჩევა კი მკვლელობით დასრულდა. ბიჭს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
„დათო და დედამისი გორიდან არიან ჩამოსულები და სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდნენ. დედას იქვე მაღაზია ჰქონდა და მკვლელობამდე მოზარდი მასთან იმყოფებოდა. მასთან 10-მდე ახალგაზრდა მისულა, დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და 207-ე სკოლის მახლობლად საქმის გარჩევა დაუწყიათ.
გარჩევას ჩხუბი და აყალმაყალი მოჰყვა, რის შემდეგაც მკვლელმა დათოს დანით 10-მდე ჭრილობა მიაყენა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეზობლები ჰყვებიან, რომ დაინახეს, როგორ გარბოდა შემთხვევის ადგილიდან 10-მდე ახალგაზრდა. როგორც ვიცით, მკვლელი იდენტიფიცირებულია“, – მოუყვა გარდაცვლილის მეზობელმა ambebi.ge-ს.
თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
კომენტარები