ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებსო, მელიასაც უშვებენ პარტიიდანო – რა ხმები ჟონავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის კულუარებიდან
„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წლამდე თანამდებობას დატოვებს.
მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ამჟამინდელი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. თანაგუნდელები ამას არ ადასტურებენ, თუმცა,„შაბათის ფორმულა“ ირწმუნება, რომ ღარიბაშვილს გამოსამშვიდობებელი სიტყვა უკვე დაწერილი აქვს.
geonewest.com-ის ცნობით, მალე პრემიერი იტყვის, რომ რადგან პირობა შეასრულა და სააკაშვილი დაიჭირა, საფრთხეები აღარ არსებობს და ქვეყანას უკვე მშვიდად განვითარება შეუძლია. თვითონ ქარსელაძე მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს გაურბის.
ღარიბაშვილის შემცვლელად ქარსელაძესთან ერთად შედარებით პროდასავლური იმიჯის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე – კახა კუჭავაც მოიაზრება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამიტზე ამერიკაში ღარიბაშვილის ნაცვლად სალომე ზურაბიშვილი მიიწვია.
ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ახალი ფალავნის ძიებაშია „ნაციონალური მოძრაობაც“.
„იმედის კვირის“ ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას საკითხი უკვე გადაწყვიტა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები უკვე დაიწყო. „იმედის კვირა“ ამ ინფორმაციას იმ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ცნობებიც, მათი მტკიცებით, ძირითადად, მართლდება ხოლმე. ამავე წყაროს თქმით, მელიას შემცვლელად დიმიტრი შაშკინისა და ლევან ვარშალომიძის კანდიდატურებს განიხილავენ.
მათივე ცნობით, გაიჟღერა ნიკა გვარამიას კანდიდატურამაც, თუმცა სააკაშვილს მისთვის ტელემენეჯერზე და ადვოკატობაზე მეტი უფლებების მიცემა მალევე გადააფიქრებინეს. წყარო იმასაც ამბობს, რომ თავად მელია „ლელოში“ წასვლით იმუქრება.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები