რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

დოლარების წვიმა კალიფორნიის ავტოსტრადაზე (ვიდეო)

19 ნოემბერს კალიფორნიის შოსეზე, სან დიეგოს მახლობლად დოლარების „წვიმა“ მოვიდა. საქმე ისაა, რომ უეცრად მოფრიალდა დაჯავშნული ფურგონის დაბლოკილი კარი, რომელსაც ფული გადაჰქონდა და ათასობით ბანკნოტი ჰაერში უჩვეულო ქარბორბალასავით დატრიალდა. 

გამვლელი მანქანები ჩერდებოდნენ, მძღოლები და მგზავრები გადმოდიოდნენ და თავისი წილი მოულოდნელი „ჯეკპოტის“ მიღებას ჩქარობდნენ. ზოგი მათგანი, ფულის სიმრავლით აღფრთოვანებული, ჰაერში ისროდა შეგროვილ კუპიურებს. თან მიმდინარე მოვლენებს ტელეფონით იღებდნენ.

თუმცა „ფულის წვიმით“ გამოწვეული სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და მაშინვე დააკავა ყველაზე აქტიური წყვილი, რომელმაც სერიოზული თანხის მოგროვება შეძლო, თუმცა უამრავი გაჩერებული მანქანის გამო მათი ავტომობილი დაბლოკილი აღმოჩნდა და ისინი „ფულიან“ ადგილს დროულად ვერ გაეცალნენ .

პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ეს ფული მთლიანად ბანკის საკუთრებაა და ბანკს უნდა დაუბრუნდეს. გადაღებული ვიდეოები კი მათ „დოლარების კრეფის“ მონაწილეების იდენტიფიკაციაში დაეხმარება.

„არსებობს ბევრი ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ადამიანები ფულს იპარავენ ავტოსტრადაზე. ჯობია, ისინი პატიოსნად მოიქცნენ, ვიდრე ელოდონ, როდის მიაგნებენ და კარზე დაუკაკუნებენ“, – განაცხადა კალიფორნიის საგზაო პოლიციის უფროსმა კერტის მარტინმა პრესკონფერენციაზე.

ჯერჯერობით მხოლოდ ყველაზე აქტიური წყვილია დაკავებული, დანარჩენებმა შეძლეს შემთხვევის ადგილს გასცლოდნენ მოულოდნელი „წინასაშობაო საჩუქრით“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close