იტალია: ახალი წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობისთვის
ავტობუსებში, ტრამვაისა და მეტროში კონტროლიორები ბრუნდებიან
ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ და შრომის მინისტრმა ენრიკო ჯოვანინიმ ხელი მოაწერეს ახალ დეკრეტს, რომელიც იტალიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის ახალ წესებს განსაზღვრავს კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას „მწვანე საშვის“ (ე. წ. გრინპასი) აუცილებელი მოთხოვნის გარდა (დიდ სადგურებში, როგორიცაა, მაგ.: Milano Centrale, Roma Termini, Firenze Santa Maria Novella – მას მატარებელში ჩასხდომამდე შეუმოწმებენ მგზავრებს), მატარებელს, მეტროს, ავტობუსს და ტრამვაის გააჩერებენ, თუ იქნება ეჭვი, რომ რომელიმე მგზავრი ინფიცირებულია კორონავირუსით, აგრეთვე, წესებისა და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფის შემთხვევაში. დოკუმენტში საუბარია ტაქსით მგზავრობაზეც – დასაშვებია ერთდროულად მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტაქსით ერთი ოჯახის წევრები მგზავრობენ.
„მწვანე საშვებს“ მატარებელში ჩასხდომამდე შეამოწმებენ, აქამდე შემოწმება უშუალოდ მატარებელში ხდებოდა, ჩასხდომის შემდეგ. „თუ წინასწარი შემოწმება შეუძლებელია, [„გრინპასები“] მატარებლის პერსონალმა ბილეთთან ერთად უნდა შეამოწმოს“, – ნათქვამია ახალ დადგენილებაში.
თუ სატრანსპორტო საშუალებაში ერთი მგზავრი მაინც იქნება კოვიდ-19-ის სიმპტომებით, აუცილებლად უნდა ეცნობოს რკინიგზის პოლიციას და ჯანდაცვის ორგანოებს. მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ „კომპანიებმა შესაძლოა მიიღონ მატარებლის გაჩერების გადაწყვეტილება“. თუ ინფიცირება დადასტურდება, სარკინიგზო კომპანია მატარებლის სპეციალურ სანიტარიულ დამუშავებას ჩაატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ „დაუბრუნდება საექსპლუატაციო მზადყოფნას“.
იგივე წესი ვრცელდება ადგილობრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც – ავტობუსებზე, ტრამვაისა და მეტროზე. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლას, ავტობუსში ასვლისთვის ამიერიდან მგზავრებს შეუძლიათ წინა კარითაც ისარგებლონ (აქამდე მხოლოდ უკანა და ცენტრალური კარიდან შეეძლოთ ასვლა, მძღოლისგან მოშორებით) იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებაში არსებობს ტიხარი მძღოლსა და მგზავრებს შორის.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია უნდა მოხდეს, სულ მცირე, დღეში ერთხელ მაინც.
ტრამვაის, ავტობუსისა და მეტროს ვაგონებში კონტროლიორები ბრუნდებიან, რომლებიც ბილეთებს და წესების დაცვას შეამოწმებენ. ისევ ძალაში რჩება აუცილებელი დაცვის საშუალებების გამოყენება, როგორიცაა პირბადე და ხელის სადეზინფექციო საშუალება.
დადგენილებში, აგრეთვე, მოცემულია მკაფიო დებულებები ტაქსისა და ავტომობილების გაქირავების კომპანიებისთვის: უკანა სავარძელზე შესაძლებელია მაქსიმუმ 2 ადამიანის მოთავსება იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრები ერთი ოჯახის წევრები არ არიან. მძღოლს უნდა ეკეთოს ნიღაბი და ჰქონდეს „მწვანე საშვი“. უნდა არსებობდეს ტიხარი მძღოლსა და მგზავრებს შორის.
ნინო ხოშტარია
კომენტარები