მსოფლიოსაზოგადოება

ევროპა პანდემიის ეპიცენტრია, ვითარება იტალიაშიც რთულდება

ევროპაში კვლავ ყველაზე მაღალია ინფექციის გავრცელება და პანდემიის ეპიცენტრია. ახალი მონაცემებიდან ჩანს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში როგორც ინფიცირების, ისე კოვიდ19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება.

საშუალოდ, ბოლო 7 დღის განმავლობაში ინფიცირებისა და სიკვდილიანობის ყველაზე მეტი მაჩვენებელი სწორედ ევროპაში გამოვლინდა.

ერთ-ერთი ყველაზე რთული ვითარება იტალიაშია, სადაც გასული წლის აპრილის შემდეგ კოვიდ19-ით ინფიცირებისა და სიკვდილობის მაჩვენებელი ასეთი მაღალი არ ყოფილა. იზრდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. თუ წინა თვეში დადებითობის მაჩვენებელი 0,5-0,8%-ის ფარგლებში იყო, ახლა 1,6%-ს გადააჭარბა. 12 ნოემბრის საღამოს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 8516 ახალი შემთხვევა, 68 ადამიანი კი კოვიდ-19-ის გართულებებისგან გარდაიცვალა.

მთავრობა დეკემბრამდე არ აპირებს ახალი შეზღუდვების დაწესებას, რადგან მწვანე სერტიფიკატის წყალობით (12 ნოემბერს სენატმაც დაამტკიცა ყველა დასაქმებულისთვის მწვანე სერტიფიკატის – ე. წ. გრინპასის წარდგენის ვალდებულება სამუშაოზე) იტალიაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში. დეკემბერში კი სიტუაცია შეფასდება და მაშინ მიიღებენ გადაწყვეტილებას შეზღუდვებზე, თუ საჭირო იქნება. ერთადერთი, რაც განიხილება და, სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდება კიდეც, სამედიცინო პერსონალისა და მოხუცთა სახლების თანამშრომელთა სავალდებულო ბუსტერ ვაქცინაციაა (მესამე, დამატებითი აცრა). ზოგადად, იტალიაში ბუსტერ დოზა 40 წელს გადაცილებულთათვის უკვე ხელმისაწვდომია.

ევროპის ეკონომიკური ზონის მოსახლეობის დაახლოებით 65 პროცენტი სრულად აცრილია, თუმცა ვაქცინაციის ტემპი ბოლო თვეების განმავლობაში ზოგიერთ ქვეყანაში საგრძნობლად შენელდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში. რაც დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მთავრობისთვის დიდი პრობლემაა. გერმანიაში, რომელიც პანდემიის მართვის მხრივ აქამდე სანიმუშო იყო, ჯანდაცვის უწყება მთავრობას მასობრივი თავშეყრის დროებით აკრძალვისკენ მოუწოდებს. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება და მაქსიმალური რიცხვები ბოლო ერთი კვირაა ლამის ყოველდღიურად ახლდება.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა ინფექცია სწრაფად ვრცელდება. მაგალითად, 11 ნოემბერს 50 ათასს გადასცდა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, გასულ 24 საათში კი 38 487 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ევროპაში ფიქრობენ, რომ პანდემიური ვითარების გაუარესება გავლენას მოახდენს ეკონომიკის აღდგენაზე, რადგან ქვეყნების დიდი ნაწილი მკაცრ ზომებს მიიღებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

მაგალითად, ნიდერლანდები ბარებისა და რესტორნების მუშაობის საათები შეამცირა, სპორტული ღონისძიებები კი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება.

გერმანიაში განახლდა უფასო ტესტირებები და. როგორც ჩანს, სავალდებულო გახდება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა საჯარო ადგილებში.

შეზღუდვების დაწესებაზე სხვა ქვეყნებშიც მსჯელობენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილები ამ დროისთვის უცნობია. მაგ., 17 ნოემბერს საბერძნეთის მთავრობა აპირებს ახალი ზომების მიღებას ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. როგორც ზოგიერთი მედიასაშუალება წერს, მთავრობა მსჯელობს საკითხზე, არავაქცინირებულებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს – მაგ., კვირაში სამჯერ ტესტირება და სუპერმარკეტში თუ სხვა დახურულ საჯარო სივრცეში შესვლისთვის სწრაფი ტესტის პასუხის წარდგენის ვალდებულება.  რამდენად წავა მთავრობა ამ ნაბიჯზე, მომავალ კვირაში გაირკვევა. საბერძნეთში ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 6 832 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 56 ადამიანი. აქტიურ პაციენტთა რაოდენობა ამ დროისთვის 79 674-ს უდრის.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close