საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ანტივაქსერები ქრთამს უხდიდნენ ექიმებს ყალბი აცრისთვის, ექიმები კი…

საბერძნეთში ანტივაქსერები 400 ევროს უხდიდნენ ექიმებს, რომ მათთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი გაეკეთებინათ, რის საფუძველზეც აცრის ცნობას მიიღებდნენ. ზოგჯერ ექიმები ქრთამს იღებდნენ, თუმცა მათ Pfizer-ის ვაქცინას უკეთებდნენ, რათა სამსახურში უსიამოვნებები აეცილებინათ თავიდან. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეარხმა Mega TV-მ გაავრცელა.

სკანდალი აგორდა მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გავრცელა ინფორმაცია კოვიდსერტიფიკატების მასობრივი გაყალბების შესახებ. მედიის ცნობით, 100-ობით აცრის ცენტრის ექიმები მოქალაქეებს აცრის გარეშე ან ფიზიოლოგიური ხსნარის გაკეთების შემდეგ აძლევდნენ ვაქცინირებულის ცნობებს. ამრიგად, წინასწარი ინფორმაციით, ყალბი სერტიფიკატი 100 ათასამდე ადამიანმა მიიღო. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ გამყალბებელი რამდენიმეჯერ ნაკლებია, თუმცა პრობლემის არსებობას არ უარყოფს.

საბერძნეთში არსებული წესების თანახმად, ამჟამად აუცრელ მოქალაქეებს აქვთ ვალდებულება, კვირაში ორჯერ გაიკეთონ PCR-ტესტი, თუმცა მათთვის დახურულია ზოგიერთი დაწესებულება (მაგ., ტავერნა) კოვიდსერტიფიკატის გარეშე. სწორედ ეს აიძულებს ალბათ ადამიანებს, რომ აცრებთან დაკავშირებით აფერას მიმართონ, ამბობს ბერძენი ჟურნალისტი სოკრატ გრამატიკოპოლოსი.

ჟურნალისტის თქმით, ნაკლებსავარაუდოა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ნამდვილი ვაქცინა გაუკეთეს მაშინ, როდესაც მათ ყალბი სერტიფიკატისთვის გადაიხადეს თანხა, სასამართლოში უჩივლონ ექიმებს მათი თანხმობის გარეშე გაკეთებული აცრისთვის, რადგან თავად მოუწევთ პასუხისგება ქრთამის მიცემისთვის.

ახლა საბერძნეთის ხელისუფლების წინაშე დგას ამოცანა, რეალურად შეაფასოს ეპიდსიტუაცია და კოლექტიური იმუნიტეტი ქვეყანაში. აგრეთვე, არ არის გამორიცხული, საბერძნეთში კოვიდსაწინააღმდეგო ზომები გამკაცრდეს, მით უმეტეს, რომ ყოველდღიურად ახალ-ახალი რეკორდი მყარდება ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლების ზრდის გამო. 9 ნოემბერს კიდევ ახალი რეკორდი დამყარდა – დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 8613 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 46 ადამიანი; საავადმყოფოებში კოვიდით დაავადებულ ინტუბირებულ პაციენტთა რაოდენობა 486-მდე გაიზარდა, მათგან 408 – აუცრელი ან არასრულად აცრილია, 78 კი – სრულად აცრილი.

საბერძნეთში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 64,5% პროცენტი, ბუსტერული დოზა კი სექტემბრიდან დღემდე მიღებული აქვს 467 389 ადამიანს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close