fbpx
საზოგადოება

დაიცვა თუ არა ვაქცინამ საქართველოს მოსახლეობა – კვლევის შედეგები

საქართველოში უკვე არსებობს კვლევა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ. კვლევა ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან – 15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით (6,5 თვე) – მონაცემებს ასახავს. შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა საქართველოში ოთხი ვაქცინით დაცვის მონაცემები მედიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააცნო.

ინფიცირება

15 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო 814 851 პირი, აქედან 11403-ს კოვიდი დაუდასტურდა.

  • სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ვაქცინა ინფიცირებისგან იცავს 90 პროცენტით;
  • სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების რისკი 9,87-ჯერ ნაკლებია.

კლინიკაში გადაყვანა

საავადმყოფოში მოთავსება დასჭირდა 53 767 ადამიანს, მათგან ვაქცინებული იყო მხოლოდ 1386 ადამიანი.

  • ვაქცინაციის ეფექტიანობა ჰოსპიტალიზაციისგან დასაცავად არის 93,4%;
  • ვაქცინამ 60 წლის ზემოთ მოქალაქეების 91,7% დაიცვა კლინიკაში გადაყვანისგან, ხოლო 18-59 წლის მოქალაქეების – 95%.

ინტენსიური მკურნალობა

სულ ინტენსიურ დაწესებულებაში მოხვდა სრულად აცრილი 72 პირი. სრულად ვაქცინირებული ადამიანები თითქმის სრულად არიან დაცული დაავადების გართულებისა და, შესაბამისად,ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრისგან.

  • 60 წელს ზემოთ ადამიანებში დაცვა 97,5 პროცენტია;
  • 18-59 წლის ასაკის მოსახლეობაში კი – 99%.

გარდაცვალება

ვაქცინაციის დაწყებიდან 6,5 თვის განმავლობაში ქვეყანაში გარდაიცვალა 5469 ადამიანი. მათგან აცრილი არ იყო 98,95 პროცენტი. გარდაცვალებულთაგან ვაქცინირებული იყო მხოლოდ 57 ადამიანი.

  • 18-59 წლის ასაკში სიკვდილისგან დაცვა – 99,37 პროცენტია;
  • 60 წლის ზემოთ კი – 97,8 პროცენტი.

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 62 პაციენტი. ეს 17 სექტემბრის შემდეგ ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დაფიქსირდა – 86.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა, სულ აღრიცხულია 743 511 (ბოლო 24 საათში – 5 340) შემთხვევა,  მათგან 681 919 ადამიანი გამოჯანმრთელდა (ბოლო 24 საათში – 3 631). COVID-19-ით გარდაცვლილია 10 300 ადამიანი.

დადებითობის მაჩვენებელი კი ასეთია: დღიური – 9,66%, ბოლო 14 დღის – 9,45%, ბოლო 7 დღის – 9,99%

სულ ჩატარდა 1 995 150 აცრა, მათგან გასულ ერთ დღეში – 4063. სრულად აცრილია 948 507 ადამიანი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close