შანხაის „დისნეილენდში“ 33 863 ადამიანი ჩაკეტეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.
ათიათასობით ადამიანი რამდენიმე საათის განმავლობაში ტესტირების რიგში იდგა და პარკის დატოვების უფლება სტუმარს მხოლოდ ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში ეძლეოდა. აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მათ მითითება მისცეს, რომ 24 საათში გაიმეორონ ტესტი და თუ პასუხი ისევ უარყოფითი იქნება, 12 დღის განმავლობაში მიაქციონ ყურადღება თავიანთ ჯანმრთელობას. დამთვალიერებელთა შორის ინფიცირების სხვა შემთხვევის არარსებობის მიუხედავად პარკი პირველ და 2 ნოემბერს დაიკეტა.
შანხაიში მომხდარი შემთხვევა პანდემიის მიმართ ჩინეთის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის მაგალითია. მაშინ, როცა მსოფლიოს სხვა ქვეყნები შეზღუდვებს ამსუბუქებენ ან ახალ რეალობასთან ადაპტირებას ცდილობენ, ჩინეთი კოვიდის შეჩერებისთვის კვლავ მკაცრ ზომებს ირჩევს იმ ფონზეც კი, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი 80%-ს აღემატება.
გასული ერთი დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში (ქვეყნის შიგნით) კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. DW-ს ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 35 ქალაქ ხეიხეში დაფიქსირდა. გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
წინა დღეებში – შაბათს ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა, კვირას – 59, ხოლო ორშაბათს – 54.
კორონავირუსის ახალი აფეთქება ჩინეთში 17 ოქტომბრიდან დაიწყო და უკვე 500 შემთხვევა დადასტურდა ქვეყნის 17 პროვინციასა და რაიონში.
მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქებს შორის გადაადგილებისგან. ასევე, უარი თქვან ქორწილებზე და მასობრივ შეკრებებზე.
ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 97 423 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 4 636 ადამიანი. ამ დროისთვის აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 1000-ს უდრის, მათგან მძიმედ ფასდება 37 პაციენტის მდგომარეობა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 91787-ს აღწევს (94,21%).
კომენტარები