მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნები ზამთრის დროზე გადავიდნენ – გაუქმდება თუ არა ყოველ ექვს თვეში საათის ცვლილება?

31 ოქტომბერს ევროკავშირის მასშტაბით საათის ისრებმა ერთი საათით უკან გადაიწია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის დრო ზამთრისამ ჩაანაცვლა.

2018 წელს ევროკავშირის მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ დროა, ყოველ 6 თვეში ერთხელ საათის ცვლილება გაუქმდეს. ამ მოსაზრებას ევროკომისია და ევროპარლამენტიც ეთანხმებიან. თუმცა ევროსაბჭო, რომელიც ევროკავშირის  წევრი 27 სახელმწიფოს წარმომადგენლისგან შედგება, 2019 წლიდან (მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე პირველი კონსულტაციები გაიმართა) კონსენსუსამდე დღემდე ვერ მივიდა. გასულ კვირას ჩატარებულ ევროკავშირის სამიტზე კი შეხვედრის მონაწილეებმა ეს აქტუალური თემა უგულებელყვეს. მათ ეს ახსნეს იმით, რომ საჭირო იყო სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა – ისეთი, როგორიცაა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, კლიმატის გლობალური ცვლილება და კორონავირუსული პანდემია. რატომ გაჭიანურდა ამ გადაწყვეტილების მიღება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას Deutsche Welle შეეცადა.

სავარაუდოდ,  დროის ცვლილება ევროკავშირში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება

ამ რეფორმის განხორციელებას ევროკომისიასა და ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებს შორის ერთსულოვნების ნაკლებობა აფერხებს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მთავრობებმა ბრიუსელს პირობა წაუყენეს. მათი თქმით, ზაფხულისა და ზამთრის დროზე გადასვლის გაუქმების შესახებ რეფორმაზე კონსულტაციები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ევროკომისია წარადგენს ექსპერტთა კვლევის შედეგებს, რომელშიც ამ ცვლილების დადებითი და უარყოფითი მხარეები იქნება წარმოდგენილი. თავის მხრივ, ევროკომისია ამგვარი „ზემოქმედების შეფასებას“ არ ეთანხმება.

ამავდროულად, რეფორმის ბევრი მხარდამჭერი შიშობს, რომ ამ ინიციატივას მალე საერთოდ დაივიწყებენ. გაზეთ Berliner Morgenpost-ის ცნობით, ევროკომისიამ უკვე გადაწყვიტა, რომ ზაფხულისა და ზამთრის დროის ცვლილება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, 2026 წლამდე გაგრძელდება.

დროა, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ

შეთანხმება აუცილებელია, რადგან საუბარია მოქალაქეების ნებასა და ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნებამდე გაცემულ ცალსახა დაპირებებზე, რომ არაპოპულარული და, ფაქტობრივად, დროის არაფრის მაქნისი ცვლა მარტსა და ოქტომბერში გაუქმდებოდა. ამის გაკეთება ხომ არც ისე რთულია – ფიქრობენ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც არ იცნობენ ევროპულ ბიუროკრატიასა და დაბნეულობას, როცა საქმე თითოეული წევრი სახელმწიფოს ინტერესებს ეხება.

ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას სურს,  ზამთრის დროზე საერთოდ უარი თქვას. სხვებს კი პირიქით, ზაფხულის დროზე გადასვლა არ მოსწონთ. ზოგს ეჩვენება, რომ ძალიან ადრე ბნელდება, სხვას კი ჰგონია, რომ საღამოს ძალიან გაჩახჩახებულია. ადამიანები, რომელთაც ეს საკითხი აწუხებთ, აღნიშნავენ, რომ გეოგრაფიული თვალსაზრისით, მთელი საფრანგეთი რეალურად განლაგებულია დროის სხვა ზონაში, უფრო დასავლეთში, პოლონეთი კი – პირიქით, უფრო აღმოსავლეთში.

ზოგიერთი ევროპარლამენტარი შიშობს, რომ თუ ევროკავშირის თითოეული ქვეყანა დროს საკუთარი სურვილისამებრ შეცვლის, ამას შეიძლება ქაოსი და ევროპული ბაზრის კოლაფსი მოჰყვეს. ექსპერტებს ამაზე ეცინებათ, რადგან საათის შეცვლის ეს მექანიზმი ევროკავშირში 2002 წლიდან არსებობს, თუმცა იქამდეც კონტინენტზე სრული სიმშვიდე სუფევდა.

როგორც წესი, ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. რატომ?

ძალიან მარტივ საკითხთან დაკავშირებით გაჭიანურებული კამათი ევროკავშირის ძირითადი პრობლემაა. კორონავირუსული პანდემია, კლიმატის დაცვა, ურთიერთობა ჩინეთთან ან კანონის უზენაესობა პოლონეთში – თითოეული ამ თემის განხილვას ძალიან დიდი დრო სჭირდება. თუ ერთი ან ორი წევრი-ქვეყანა წინააღმდეგია, საკითხი ადგილიდან არ იძვრის. ბრიუსელში არ არსებობს დიქტატი ან ცენტრალური ხელისუფლება, რომლის შესახებაც უყვართ ფანტაზიორობა პოპულისტებს პოლონეთში ან უნგრეთში. აქ აუცილებელია კომპრომისებზე წასვლა და დრო, რათა გამოსავალი მოიძებნოს.

დროის ზონები ევროკავშირში

ევროკავშირში სამი დროის ზონაა: ირლანდიასა და პორტუგალიაში გრინვიჩის დრო მოქმედებს, ევროკავშირის რვა ქვეყანაში (მათ შორის, ფინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში) – აღმოსავლეთევროპული დრო (გრინვიჩის დროს ორი საათით უსწრებს), ხოლო დანარჩენ ქვეყნებში (მათ შორის, გერმანიაში) – ცენტრალური ევროპის დრო.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close