თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური: დათვლილია 20-ვე თვითმმართველი ერთეულის ყველა უბანი – ცესკოს მონაცემები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მერის არჩევნების მეორე ტურის ყველა უბნის მონაცემები დათვლილია როგორც დედაქალაქში, ისე 4-ვე თვითმმართველ ქალაქში და 15 თვითმმართველ თემში. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, მხოლოდ ერთ თვითმმართველ თემში – წალენჯიხაში დამარცხდა „ქართული ოცნება“. წალენჯიხის მერის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა – გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა ხმების 51,107%-ით.
დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში მერის არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს, მათ შორის, თბილისშიც.
თბილისის 769-ვე უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს (41) ხმების 55.603 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას (5) – 44,397 პროცენტი.
ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 1 025406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია.
დედაქალაქში საარჩევნო უბნებზე მივიდა და თავისი ნება დააფიქსირა 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%).
ცესკო-ს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში – 59.9%, ყველაზე დაბალი – მცხეთა-მთიანეთში – 43.2%.
კომენტარები