ეკონომიკა

როდიდან დაიწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისსა და მადრიდს შორის – მოლაპარაკებები მიმდინარეობს

31 ოქტომბრიდან აღდგება პირდაპირი რეისები ქუთაისსა და ბარსელონას შორის

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ილია გიორგაძე დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში დაინიშნება პირდაპირი ავიარეისები მადრიდსა და თბილისს შორის. ასეთი განცხადება მან  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ევროპული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილთან და თავად ელჩთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილიც ესწრებოდა. 

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ დაინიშნოს ფრენები მადრიდსა და თბილისს შორის. ძალიან აქტიური და ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ავიაკომპანიებთან „ეარ ევროპა“ და „იბერია“. ეს წამყვანი ესპანური ავიაკომპანიებია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დაინიშნება პირდაპირი ავიარეისები მადრიდსა და თბილისს შორის და ეს დაფარავს არა მარტო ესპანეთსა და საქართველოს, არამედ ლათინურ და ცენტრალურ ამერიკას, რაც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში“, – განაცხადა ილია გიორგაძემ.

„ეარ ევროპასა“ და „იბერიის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, თბილისსა და მადრიდს შორის პირდაპირი რეისების დანიშვნა კი პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოში როგორც ტურისტული ნაკადის ზრდის, ისე ინვესტორთა მოზიდვის მხრივ.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ევროპულ ავიაკომპანიებთან, იმისთვის, რომ გვქონდეს ახალი პირდაპირი რეისები საქართველოდან ევროპის მიმართულებით. დღეს შევხვდით ორ ავიაკომპანიას, რომელიც ბაზირებულია ესპანეთში. ორივე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს დაწყებითი ფორმის მოლაპარაკება იმისთვის, რომ გვქონდეს პირდაპირი რეისი თბილისი მადრიდის მიმართულებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბარსელონა-ქუთაისის მიმართულება ოპერირებაში ჩაეშვება 31 ოქტომბრიდან და, აქედან გამომდინარე, ბაზრების დივერსიფიცირება და დივერსიფიცირებული პირდაპირი მიმართულებები ჩვენთვის არის მთავარი პრიორიტეტი იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ევროპიდან მეტი ტურისტული ნაკადის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, იქნება გამაძლიერებელი ჩვენი ტურიზმის, ავიაციისა და, ზოგადად, ეკონომიკის მიმართულების“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ნუცა ყაველაშვილი

მარიამ ქვრივიშვილი “Future of World Tourism Summit”-ზე. ფოტო მარიამ ქვრივიშვილის Facebook-გვერდიდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close