ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალურად დაქორწინდა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. ქორწილი აქამდეც უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და წყვილმა მხოლოდ ახლა შეძლო ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება. მედიისთვის ქორწილის დეტალები უცნობია.
მიშელის რჩეული ამელი დერბაუდრენგიენია (Amélie Derbaudrenghien), რომელთანაც პოლიტიკოსს უკვე 12 წელია ურთიერთობა აქვს. ამ ხნის განმავლობაში ის შარლ მიშელს ყოველთვის ახლდა ოფიციალურ შეხვედრებზე და ოფიციალური სტატუსის არქონის მიუხედავად სხვა ქვეყნების პირველ ლედებთან ერთად მონაწილეობდა პროტოკოლურ ღონისძიებებში.
ამელი ბელგიელია, მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკოსის მრჩევლად უმუშავია. ამჟამად ამელი დერბაუდრენგიენ-მიშელი ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს.
წყვილს ორი შვილი ჰყავს: 2016 წელს ჟანა დაიბადა, ხოლო 2019 წელს – ლუსი.
აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელისთვის ეს მეორე ქორწინებაა, პირველი ქორწინებიდან მას ერთი ვაჟი, 15 წლის მაქსიმილიანი ჰყავს.
შარლ მიშელსა და ამელის სურდათ, რომ 2020 წლის ზაფხულში საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელში ექორწინათ, თუმცა იმ პერიოდში რეგიონი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით „ნარინჯისფერ ზონად“ გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ როდესაც საფრანგეთიდან ბელგიაში დაბრუნდებოდნენ, კარანტინში უნდა გაეტარებინათ გარკვეული პერიოდი, ამიტომაც ქორწინების ცერემონიაზე უარი თქვეს.
45 წლის ბელგიელი შარლ მიშელი ევროპულ საბჭოს სათავეში 2019 წლიდან უდგას. მას მდიდარი პოლიტიკური წარსული აქვს. აღსანიშნავია, რომ შარლის მამა, ლუი მიშელი ბელგიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და, ასევე, ყოფილი ევროკომისარია.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც შარლ მიშელის შემოსავალს შეეხება: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში შარლ მიშელის ხელფასი თვეში 32 700 ევროა, შესაბამისად, მისი წლიური ანაზღაურება 392 400 ევროს შეადგენს.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ
კომენტარები