საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ისა და კანადის ყალბი ვიზების დამზადების ბრალდებით 12 ოქტომბერს, დუშეთში ერთი პირი დააკავეს.
ბრალდებულს სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 16 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აშშ-ში არალეგალურად გამგზავრებაში დახმარებას დაჰპირდა და წინასწარ გამოართვა 4000 ლარი.
დაკავებულს უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში არალეგალურად გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენის მსურველი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თანხის სანაცვლოდ, საჭირო დოკუმენტებს გადასცემდა, აშშ-სა და კანადაში გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამის პირობებს უქმნიდა.
„პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საქართველოს მოქალაქის 76 პასპორტი, 3 საბანკო პლასტიკური ბარათი, 2 მეხსიერების ბარათი, კომპიუტერული ტექნიკა, 2 მობილური ტელეფონი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, დოკუმენტების დასამზადებელი დანადგარი და დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დ. ს.-ის დანაშაულებრივი ქმედების ფარული ვიდეო-აუდიოგადაღება და სატელეფონო მიყურადება განახორციელეს.
კომენტარები