ფულის გამოძალვა მამაოს FACEBOOK-ით – ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელმაც საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ათასობით ლარი მიითვისა
21 წლის ბიჭმა facebook-ის გატეხილი ანგარიშებით ერთ დღეში რამდენიმე ათასი ლარი მიითვისა. ერთ-ერთი პირი, ვისი სახელითაც ის მოქმედებდა, თაბორის მამათა მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირი იოანე ცუხიშვილია.
სასულიერო პირი „კურიერთან“ იხსენებს, რომ ოქტომბრის დასაწყისში facebook-ის გვერდი გაუტეხეს, ისე რომ ეჭვი არ შეჰპარვია. სოციალურ ქსელში მის მეგობრებს შეტყობინებები მიუვიდათ, სადაც სასულიერო პირის სახელით პლასტიკური ბარათის მონაცემებს ითხოვდნენ. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მსხვერპლებს ატყუებდა, რომ მისთვის საზღვარგარეთიდან თანხა უნდა ჩაერიცხათ. მესიჯის თითქმის ყველა ადრესატმა პირადი საბანკო რეკვიზიტები გადაგზავნა, მალევე კი შეტყობინება მიუვიდათ, რომ მათ სოლიდური თანხა ჩამოეჭრათ.
კიბერდამნაშავე სამართალდამცველებმა ფინანსური სარგებლის მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის ბრალდებით დააკავეს. 21 წლის მამაკაცი წარსულში იმავე დანაშაულისთვის უკვე ნასამართლევია.
„კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებული 21 წლის ავთანდილ ბაბუაშვილია, რომელიც ზესტაფონში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
21-ე საუკუნის დანაშაული, რომელიც ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად უფრო მასშტაბური ხდება – ასე აფასებენ სპეციალისტები ბოლო პერიოდში კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის გახშირებულ ფაქტებს. ერთადერთი პრევენცია, რომ მოქალაქემ თავი დაიცვას, ამ ეტაპზე მხოლოდ პერსონალური ინფორმაციის მაქსიმალურად დაცვა და საეჭვო ბმულების იგნორირებაა.
თუ 21 წლის მამაკაცს ბრალი დაუმტკიცდა, სასჯელის სახით 5-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები