„ერთმა ქართველმა კაცმა შეგვინარჩუნა თვითმყოფადობა მთელ ერს“ – რუმინეთის საპატრიარქო
სრულიად რუმინეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, პლეიშტის ეპისკოპოსმა ვარლაამმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა ბუქარესტის წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერში და ანთიმოზ ივერიელის ღვაწლის შესახებ იქადაგა.
ქორეპისკოპოსმა ვარლაამმა ქადაგებაში აღნიშნა, რომ წმიდა მიტროპოლიტი ანთიმოზი იყო წმიდა კონსტანტინე ბრინკოვიანუს თანამოღვაწე რუმინეთისთვის განმათავისუფლებელ ბრძოლაში. მათ თანმიმდევრული პოლიტიკით წარმართეს და შეუნარჩუნეს რუმინელ ხალხს ეროვნული თვითმყოფადობა, ენა და მართლმადიდებელი რწმენა.
ქორეპისკოპოს ვარლაამის თქმით, იმ დროში წმინდა ანთიმოზის ღვაწლი განსაკუთრებული იყო, რადგან სწორედ მის დროს გაიხსნა რუმინეთის პატარა პროვინციაში სამი გამომცემლობა.
„მან (წმიდა ანთიმოზმა) დააარსა პირველი უფასო საჯარო სკოლები; მან განამტკიცა რუმინელ ერში მართლმადიდებლობა, შექმნა ხელოვნების ნიმუშები და სული ჩაუდგა რუმინულ მწერლობას, დაბეჭდა წიგნები ხუთ ენაზე და აღადგინა ჩვენი მკვდარი ტრადიციები! ერთმა ქართველმა კაცმა შეგვინარჩუნა თვითმყოფადობა მთელ ერს! ნეტარია მისი სახელი“, – განაცხადა ქადაგებისას ეპისკოპოსმა ვარლაამმა და დასძინა, რომ ქართველმა წმინდანმა – ანთიმოზმა „არ დაივიწყა სამშობლო და გაგზავნა დიაკონი მიქაელი საქართველოში და დაბეჭდა პირველი ქართული წიგნები“.
წყარო: orthodoxtimes.com
კომენტარები