ესპანეთი: კუნძული ლა პალმა კატასტროფის ზონად გამოცხადდა (ვიდეო)
სამწუხაროდ, ლავამ ტოდოკეს ეკლესიაც დაანგრია
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2021/09/კუმბრე-ვიეხას-ამოფრქვევა-ლა-პალმაზე.jpg)
ესპანეთის მთავრობამ კანარის არქიპელაგის კუნძული ლა პალმა, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ძლიერ დაზარალდა, კატასტროფის ზონად გამოაცხადა.
ვულკანმა კუმბრე ვიეხამ, რომელიც 50-წლიანი უმოქმედობის შემდეგ, 10 დღის წინ ამოიფრქვა, 400-მდე სახლი და მთლიანობაში 200 ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა.
6 ათასამდე ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც, მათ შორის, ბანანის პლანტაციები.
მთავრობამ უკვე დაამტკიცა მოსახლეობის პირველადი დახმარების პაკეტი – 10 მილიონი ევრო სახლების ასაგებად, 5 მლნ ევრო კი ავეჯის და სხვა საჭირო ნივთების შესაძენად გადაეცემათ დაზარალებულებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს.
ორშაბათს, 27 სექტემბერს, დილით, ვულკანის ამოფრქვევიდან მე-9 დღეს მან მოულოდნელად აქტივობა თითქმის შეწყვიტა, შეჩერდა ფერფლის, კვამლის და ლავის გადმოსვლა კრატერიდან. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ცოტა უცნაურია ასეთი უცაბედი „პაუზა“; მათივე გაფრთხილებით, სურათი ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს.
მართლაც, რამდენიმესაათიანი თითქმის სრული „პაუზის“ შემდეგ ვულკანის ამოფრქვევა განახლდა – ისევ ამოდის კრატერიდან კვამლი, ფერფლი და ლავა ისევ მიედინება ატლანტის ოკეანისკენ. ვარაუდობდნენ, რომ ლავა ზღვას ორშაბათს მიაღწევდა.
ტოქსიკური გაზების წარმოქმნის საფრთხიდან გამომდინარე, 4 დასახლება ჩაიკეტა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, სახლებში დარჩენილიყვნენ და კარ-ფანჯრები ჩაეკეტათ იმის მოლოდინში, რომ ლავა ოკეანეს მიაღწევდა და გაცივებისას ტოქსიკური გაზები წარმოიქმნებოდა.
„როდესაც ლავა ზღვას მიაღწევს, აუცილებელია „მკაცრი იზოლაცია“, – განაცხადა ანხელ მორკუენდემ, რეაგირების კომიტეტის დირექტორმა.
სამწუხაროდ, ლავამ გასულ შაბათს, 25 სექტემბერს ტოდოკეს ეკლესიაც დაანგრია, რომელიც მანამდე თითქმის სასწაულებრივად გადარჩა მეხანძრე მაშველების მიერ მძიმე ტექნიკის გამოყენებით ჩატარებული სამუშაოების შედეგად – მათ სცადეს ლავის ნაკადისთვის მიმართულება შეეცვალათ, რაც თავიდან გამოუვიდათ კიდეც, თუმცა საბოლოოდ ადამიანური ძალისხმევა ვულკანური ძალის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები