ესპანეთის პოლიციამ, იტალიის პოლიციამ და ევროპოლმა, ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, იტალიურ მაფიასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა აღკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპოლი ავრცელებს.
როგორც ევროპოლში აცხადებენ, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩართული იყო ონლაინ თაღლითობაში, ფულის გათეთრებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ქონებრივ დანაშაულში.
ოპერაციის მსვლელობისას სამართალდამცველებმა ესპანეთსა და იტალიაში 106 ადამიანი დააკავეს. მათი უმეტესობა იტალიის მოქალაქეა.
იტალიის პოლიციის მონაცემებით, ეჭვმიტანილები თაღლითობით ან ძალადობით აიძულებდნენ თავიანთ მსხვერპლთ, გაეგზავნათ დიდი თანხები ესპანური ბანკის ანგარიშებზე, რომლებსაც დანაშაულებრივი ჯგუფი აკონტროლებდა. ფულის გათეთრება კი კრიპტოვალუტით ხდებოდა, ან თანხებს სხვა კრიმინალური საქმიანობისთვის იყენებდნენ, როგორიცაა: პროსტიტუცია, ნარკოტიკითა და იარაღით ვაჭრობა. ევროპოლის განცხადებით, მხოლოდ გასულ წელს დაჯგუფებამ 10 მილიონი ევრო მიიღო.
ოპერაციის ფარგლებში დაყადაღებულია 118 საბანკო ანგარიში, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 224 საკრედიტო ბარათი და მარიხუანას პლანტაციები.
კომენტარები