პროკურატურამ მეგის ქარდავას ექსტრადიციის ვიდეოკადრები გაავრცელა (ვიდეო)
საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის ვიდეოკადრებს ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა ქარდავას ექსტრადირების შესახებ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციარული სამსახურის თანამშრომლებმა 17 სექტემბერს იგი უკრაინიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.
მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული სისხლის სამართლის 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის ექვსი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება.
„საქართველოს პროკურატურა, როგორც ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც მიიღებს ყველა ზომას, რათა დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა, დროულად წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – აცხადებენ პროკურატურაში.
საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს, 17 სექტემბერს კი საქართველოს გადმოსცეს.
კომენტარები