საფრანგეთში ოთხშაბათიდან, 15 სექტემბრიდან სამედიცინო პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიღებული ეს ზომა, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში, 2,7 მლნ დასაქმებულს შეეხება – საავადმყოფოების თანამშრომლებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების მძღოლებს, ხანდაზმულთა სახლების პერსონალს, კერძო ექიმებს, ოჯახის დამხმარეებს, ხანდაზმულთა მომვლელებს და სახანძრო სამსახურის მუშაკებს.
5 აგვისტოს საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ზომების შესახებ მხარი დაუჭირა.
ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – მას შემდეგ, რაც ემანუელ მაკრონმა განაცხადა მზრუნველობის სისტემის (le système de soins) მუშაკთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, 2 თვე გავიდა. ამ სფეროს მუშაკები, მუშაობა რომ გააგრძელონ, ერთი დოზით მაინც უნდა იყვნენ აცრილები. არსებული მონაცემებით, 12 სექტემბრისთვის სულ ცოტა, ერთი აცრა გაკეთებული აქვს ამ სფეროში დასაქმებულთა 89,3%-ს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია 1-2% დარჩეს წინააღმდეგი. მათ სამუშაო კონტრაქტის შეჩერება ემუქრებათ. რამდენადაც ამ სფეროში დასაქმებულია 300 000-იდან à 350 000-მდე ადამიანი, მოსალოდნელია, რომ კონტრაქტი 3000-მდე პირს შეუჩერდება.
25 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შეჩერების შესახებ 672 ფრანგი მეხანძრე-მაშველის (pompier) მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს სარჩელით, უკანონოდ ეცნოთ სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია. კერძოდ, ისინი თავიანთ სარჩელში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორ მუხლს ეყრდობოდნენ: მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) და მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება).
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აღნიშნეს, რომ მეხანძრე-მაშველთა სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესს (დროებითი ზომა) ვერ გამოიყენებდნენ, რადგან სასამართლო ასეთ მოთხოვნებს მხოლოდ განსაკუთრებულ საფუძველზე აკმაყოფილებს, როდესაც განმცხადებლებს შეუქცევადი ზიანის რეალური საფრთხე ემუქრებათ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები