დღის თემამსოფლიოპოლიტიკა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წელი გავიდა – ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკელებს მიმართა და ერთიანობისკენ მოუწოდა.

„2001 წლის 11 სექტემბრიდან 20 წლის შემდეგ ვიხსენებთ 2 977 დაღუპულს და პატივს მივაგებთ მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ და ვინც გაწირა თავი. როგორც ტერაქტის მომდევნო დღეებში ვნახეთ, ერთიანობა ჩვენი უდიდესი ძალაა. ეს არის ის, რაც შეგვაძლებინებს, ვიყოთ ისინი, ვინც ვართ და ეს არ უნდა დავივიწყოთ“, – დაწერა ბაიდენმა ტვიტერზე და ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.

2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, ალყაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა „ამერიკული ავიახაზების“ 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე – პენტაგონის შენობას დაეცა, დანარჩენი ორი – ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 2 ცათამბჯენს – ე. წ. ტყუპ კოშკს შეეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟის წევრები და ტერორისტები დაიღუპნენ.

სულ დაიღუპა 2977 ადამიანი (19 თვითმკვლელი ტერორისტის გარდა), უმეტესობა – ნიუ-იორკის ტყუპ კოშკში.

4 თვითმფრინავში 246 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, ვერავინ გადარჩა.

ტყუპ კოშკში ადგილზე დაიღუპა 2606 ადამიანი.

პენტაგონის შენობაში ტერაქტს 125 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიუ-იორკში დაღუპული 2753 ადამიანიდან 20 წლის თავზე ამოცნობილია 1647. ნიუ-იორკის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის ექსპერტებმა დნმ-ის სეკვენირების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით რამდენიმე დღის წინ  კიდევ ორი ადამიანი ამოიცნეს.

11 სექტემბრის მსხვერპლთაგან ყველაზე პატარა იყო 2 წლის კრისტინ ლი ჰენსონი, რომელიც ერთ-ერთი თვითმფრინავით დედ-მამასთან ერთად მიფრინავდა.

ყველაზე ხანდაზმული მსხვერპლი 82 წლის რობერტ ნორტონი აღმოჩნდა, რომელიც თავის ცოლთან, ჟაკლინთან ერთად ერთ-ერთი ლაინერით მგზავრობდა.

როდესაც თვითმფრინავები მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა, შენობებში სულ 17 400 ადამიანი იმყოფებოდა. ჩრდილოეთის კოშკში ვერცერთი ადამიანი გადარჩა შეჯახების ადგილის ზემოთა სართულებიდან, სამხრეთის კოშკში კი შეჯახების ადგილის ზემოთა სართულებიდან 18-მა ადამიანმა შეძლო გადარჩენა.

დაღუპულთა შორის 77 ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

ათასობით ადამიანი დაიჭრა ან სერიოზულად დაზარალდა ტერაქტების შედეგად.

ნინო ხოშტარია

დაღუპულთა ფოტოები მუზეუმში ტერაქტის ადგილზე; getty images

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close