ესპანეთის პოლიცია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სოციალურ ქსელში ნუ გამოაქვეყნებენ ინფორმაციას შვებულებაში გასვლის შესახებ, ვინაიდან ამ პერიოდში შესაძლოა მათი სახლები ქართველი მძარცველების სამიზნე გახდეს.
ეს რეკომენდაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც რამდენიმე კვირის წინათ სარაგოსაში, მილინოს ქუჩაზე სამი ქართველი – 24, 34 და 40 წლის მამაკაცი დააპატიმრეს. ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ქალაქში მდებარე არაერთი სახლის ძარცვაში.
პოლიციაში აღნიშნავენ, რომ კრიმინალის ეს სახეობა ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ესპანეთში. მძარცველები ყურადღებით არჩევენ სახლებს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში და ბინებში შესაღწევად იყენებენ სპეციალურ მოწყობილობებს, მათ შორის, პლასტიკურ სატყუარებს და სპეციალურ გაჯეტებს, რათა თავიდან აიცილონ კარის საკეტის თვალსაჩინო დაზიანება და მეზობლებმა ვერაფერი იეჭვონ.
სწორედ გახშირებული დანაშაულის გამო პოლიცია მოქალაქეებს რამდენიმე რჩევით მიმართავს, მათ შორის, მოუწოდებენ, არ ატვირთონ ფოტოები სოციალურ ქსელებში, რათა დაიცვან საკუთარი სახლები და არ მოხდეს ქურდების ინფორმირება, რომ სახლი ცარიელია!
primetime.ge
კომენტარები